OC Media-ს თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე სასამართლოში გამოკითხეს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე. ის გამოიკითხა პროევროპულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამავე საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარეს „პუბლიკის“ რეპორტიორი მინდია გაბაძეც. მინდია გაბაძემ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.

„ძირითადად, აინტერესებდათ, სად ვიყავი, რას ვხედავდი, ალბათ როგორც ჟურნალისტი, მაგრამ მაინც და მაინც მაგას არ აკონკრეტებდნენ და ერთი უცნაური კითხვა ჰქონდათ, ჩემთვის, თუმცა ჩემს ადვოკატს ასე არ ჰგონია – მკითხეს, რა გეცვა ხოლმეო და ჩემი ცნობილი ლურჯი კურტკა დააკონკრეტა, ეგ ხომ გეცვა ხოლმეო და არ ვიცი, რა შუაში იყო, მაგრამ, ძირითადად, მისვამდა ზოგად კითხვებს აქციაზე – როგორი სიტუაცია იყო, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მე თუ დავინახე ვინმე კონკრეტული, რომ ხალხს მოუწოდებდა ძალადობისკენ თუ არა, არ მახსოვს, ორგანიზატორი არ ჰყავს ამ აქციებს და ეგრეც ვუთხარი. ზოგადი სახის იყო ძირითადი კითხვები, ჩემი აზრით, ამ ერთი კითხვის გარდა, […] არ უხსენებიათ საერთოდ ჩემი გადაღებული მასალა. ჩემი აზრით (და ადვოკატსაც ეს შთაბეჭდილება დარჩა), ამ გამოკითხული ადამიანებისგან უნდათ, მიიღონ ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები პოლიციას არ ემორჩილებოდნენ და რაღაც ძალადობრივი იყო თუ არ იყო, ამის გაგონება უნდათ. ჟურნალისტი მე ვარ ჯერჯერობით მარტო, ახლა გავიგე, რომ ჩემი მეგობარიც დაუბარებიათ, სხვები რაც ვიცი, ვინც იყვნენ დაბარებულები, არ იყვნენ ჟურნალისტები, აქციის მონაწილეები იყვნენ, ალბათ. მიზანი ეს არის, რომ თქვან, აი, ხალხი არ ემორჩილებოდა პოლიციას და ჩვენ სწორად დავშალეთ“, – თქვა მარიამ ნიკურაძემ გამოკითხვის შემდეგ.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ  ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეები მეცამეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში აპროტესტებენ. აქციები გაიმართა საზღვარგარეთაც. პარლამენტთან აქციებზე ჯამში ადმინისტრაციული წესით 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა, სისხლის სამართლის წესით 30-ზე მეტი. ათობით ადამიანი გახდა სპეცრაზმის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, არაერთი ნაცემი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს.