ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები შეშფოთებას გამოთქვამენ ოპოზიციის ლიდერების დაკავებისა და პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ სისასტიკის გამო.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) დღეს გამოხატეს ღრმა შეშფოთება ოპოზიციისა და საპროტესტო აქციების ლიდერების დაკავებებისა და წინასწარი დაკავებების, ასევე „პოლიციის მიერ მათი ოფისების დარბევის გამო, არსებული ცნობებით, საეჭვო სამართლებრივ საფუძვლებზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების მიმართ”.
„დაკავებების დროს პოლიციის მხრიდან ძალადობასთან და ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან ერთად, ეს აჩენს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და მართლმსაჯულების შესახებ, რომელსაც ადგილი არ აქვს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადეს მათ.
მომხსენებლებმა ასევე დაგმეს პოლიციის სისასტიკე ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის ახალგაზრდების მიმართ, რომელიც უცვლელად გრძელდება და რაც დაადასტურა საქართველოს სახალხო დამცველმა.
„როგორც ჩანს, არის დაუსჯელობის განცდა პოლიციის ძალადობისა და ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ, რაც მიუღებელია“, – აცხადებენ მომხსენებლები და ხელისუფლებას მოუოდებენ, სრულად სცენ პატივი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ვალდებულებების შესაბამისად.
გარდა ამისა, მათ მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიონ პოლიციის მიერ ძალადობისა და ძალის გადამეტებული გამოყენების ყველა შემთხვევა და პასუხისმგებელ პირებს კანონის სრულყოფილად დაეკისროთ პასუხისმგებლობა.
„ასეთი სამწუხარო საქციელის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“, – დაასკვნა ბ-ნმა კერნმა და ქალბატონმა ესტრელამ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები თბილისში იანვრის დასაწყისში ფაქტების დამდგენი ვიზიტით ჩამოვლენ.