ნიკა გვარამია „მთავარ არხის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ეხმაურება „მთავარ არხში“ მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ არჩევნებამდე ნატო ჩხეიძემ უთხრა, სიაში ჩაესვა ის, მისი ძმა და კიდევ ერთი ადამიანი.  გვარამიას თქმით, არგუმენტად ჩხეიძემ დაასახელა, რომ „მთავარი არხი“ მათი იყო.

გვარამია წერს, რომ მოგვიანებით „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა უთხრა, სიაში მხოლოდ ნატო ჩხეიძე ჩაესვა, თუმცა, როგორც გვარამია ამბობს, აღნიშნულზე უარი მიიღეს.

ნიკა გვარამიას თქმით, ყველაფერი მისი პოლიტიკაში წასვლით დაიწყო, როცა ოქუაშვილმა უარი განაცხადა დირექტორობიდან მის გადადგომაზე და გიორგი გაბუნიას დანიშვნაზე. საბოლოოდ, გვარამიას განცხადებით, შეთანხმების მიხედვით დაინიშნა სამი დირექტორი – გიორგი გაბუნია, მანუჩარ ახალაია და „ვინმე გოგი“, რომლის ინტერესიც კაბინეტი და ხელფასი იყო.

„მოახლოვდა არჩევნები. ერთ დღესაც პარტიის ოფისში გამომეცხადა ნატო ჩხეიძე, ტექსტით: „ჩვენ სამი კაცი გვეკუთვნის სიაში – მე მეხუთე ნომერი (ნუ რაკიღა 4 ლიდერი ხართ), ჩემი ძმა, როსტომ ჩხეიძე – მეათე და ვინმე კიდევ ოცეულში“. კი არ გავბრაზდი, ან მეწყინა, ან რამე სხვა – ყბა ჩამომივარდა გაკვირვებისგან. არა, ის არ გამკვირვებია, რომ სიაში ყოფნა ენდომებოდა, მაგრამ მთლად 3 ადამიანი? და თან ამ ადგილებზე? ისეთივე პასუხი მიიღო, რაც ერთის თხოვნის შემთხვევაში იქნებოდა – გამორიცხულია. ან ვინ, ან საიდან გადაწყვიტეთ, რომ რაიმე გეკუთვნით? როგორ, ტვ ხომ ჩვენია და მაგიტომო. ტვ თქვენი არაა, ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ, და ამას გარდა, ტვ-ს მეწილეები კოალიციასთან კავშირში არ არიან და არაფერი ეკუთვნით საერთოდ, – იყო ჩემი პასუხი.
ამის მერე დაიწყო უარების სერია – გოგი ყველაფერს აპრობლემებდა, სამაგიეროდ, ნატო ჩხეიძის „იჯარას“ და მის ხელფასს ერთი დღე მაინც გადაცდენოდა, გოგიც გამოჩნდებოდა ხოლმე. არხზე დაიწყო გოგის „რევიზიები“. მიიღო ყველა დოკუმენტი, რაც მოითხოვა, ყველას ახსნა-განმარტება, ვისიც მოითხოვა. ყველა წლის აუდიტის დასკვნა. მიადგა გაყიდვების სახლს, რომელიც დაქირავებული ცალკე ორგანიზაციაა, რომელიც რეკლამას ყიდის (ყველა დიდი ტვ ამგვარად მუშაობს).
ამ, მათი ტვინით, შანტაჟის ფონზე ახლა უკვე ოქუაშვილმა ჩამოწია მოთხოვნა 1 ადგილამდე სიაში – მხოლოდ ნატო. ეს იცით, რომელი ნატო ჩხეიძეა? მე რომ ციხეში ვიჯექი და მან და მისმა ამფსონებმა ქოცებს რომ იუსტიციის საბჭოს წევრები აარჩევინეს. ბიძინასთან ერთხელ მაინც გარიგებულს სიაში მე რომ ჩავწერდი, ეს, ხვდებით, რეალურობის მარცვალსაც არ შეიცავს. ცხადია – უარი.
ჰო, მართლა, ხმა რატომ მისცა ივანიშვილის კანდიდატს ნატო ჩხეიძემ და მისმა ამფსონებმა, ეს უკვე პარტიის დაფუძნების მერე აღმოვაჩინე. დოკუმენტურად აღმოვაჩინე. საზოგადოებისთვის ალბათ ცნობილია, რომ საარჩევნო ნომერი 4-ის გამო ჩვენ გადავიბარეთ ნიკა მაჭუტაძის პარტია, რომლის პარტნიორებიც იყვნენ და-ძმა ჩხეიძეები. ამ პარტიით ისინი ერთად შევიდნენ ნაცმოძრაობის სიაში და იმ სამარცხვინო კენჭისყრის შემდეგ სამივე ერთად გარიცხეს. ჰოდა, ბუღალტერიის გადმობარებისას წავაწყდი მეტად საინტერესო დოკუმენტს: 300 ათასზე მეტი იყო პარტიის საგადასახადო დავალიანება და ხმის მიცემიდან 1 კვირის თავზე, თითქმის 200 ათასამდე ჩამოაწერეს საგადასახადო შეთანხმებით! თქვენ წარმოგიდგენიათ, რომელიმე ოპოპარტიას საგადასახადო შეთანხმებას უფორმებდეს ქოცი?! აი ესაა პოლიტიკური კორუფცია, თან სამშობლოს ინტერესების ხარჯზე! და ამათ ჩავწერდი სიაში? კი, და ახლა უკვე ისხდებოდნენ ივანიშვილის პარლამენტში და ლეგიტიმაციის ელფერს შესძენდნენ. უკვე ბევრად მეტს გამოივაჭრებდნენ, ალბათ და ამჯერად უკვე, ალბათ ოქუაშვილი, რომელიც ახლა უკვე სიგნალებს უგზავნის ივანიშვილს, რომ მზადაა, მთავარი არხით ივაჭროს. ჩვენ კი ზუსტად ვიცით და მოვლენათა ლოგიკური განვითარებაც ცხადყოფს, რომ ივანიშვილმა ეს სიგნალი მიიღო და თანხმობითაც უპასუხა.
ამის მერე დაიწყო ის, რაც ივანიშვილმა რ2-ში აკეთა – გვარამიამ, გაბუნიამ და ნაყოფიამ (რომელიც დამფუძნებელი საერთოდ არაა) გააკოტრეს კომპანია. სახეზე ააფარეს ჩემი გადადგომის მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ადასტურებენ, რომ იდეალურად ვუძღვებოდი არხს, არათუ რაიმე სახის პრეტენზია არ აქვთ, დითირამბებით და მადლობებით მაცილებენ. ნაყოფიას ხსენება იმიტომ დასჭირდა, რომ არც ნაცებმა ჩაუწერეს ვინმე სიაში, მათდა სასახელოდ უნდა ითქვას.
მერე გაჩნდა ძალიან ნაცნობი შეკითხვა, რ2-ის საქმეზე რომ მისვამდა ივანიშვილის პროკურორი: თუ ფული იყო, ხელფასებს კი არა, გადასახადებს რატომ არ იხდიდით, არხი გაკოტრებამდე მიიყვანეთო. არ კი არა, ვერ ვიხდიდით, მაშინ არხი უნდა გაჩერებულიყო და აბა შეხედეთ რ2 და იმედი იხდიან გადასახადებს? რა თქმა უნდა, არა და რესტრუქტურიზებული აქვთ ყოველ ჯერზე. ჩვენ ვადეკლარირებთ გადასახადებს სრულად და გაკოტრება ქოცებს არ მოუთხოვიათ და გოგიმ გადაწყვიტა, რომ გაკოტრების კონდიციაში ვართ. სასაცილოა ისე, ოქუაშვილი რომ გადასახადებზე გელაპარაკება. კაცი, რომელმაც ქონება საგადასახადო უსამართლო პრეფერენციებით დააგროვა, რაც მთელმა საქართველომ იცის“, – წერს გვარამია.

გვარამია ამბობს, რომ მან ბანკში შეიტანა განცხადება, რომ გადარიცხვები არ მოხდეს და ის და კობა ნაყოფია ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. მისივე განცხადებით, ოქუაშვილმა თავდაპირველად ტექნიკა და შენობა იჯარით მისცა არხს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ უძრავი ქონებები დატვირთული იყო იპოთეკით. გვარამია ამბობს, რომ დღეს „ყავლგასული ამორტიზებული ტექნიკის გარდა, აღარაფერია მისი ყოფილი ქონებიდან არხის სარგებლობაში“.

ამავე პოსტში გვარამია საზოგადოებას, მედიას, ბიზნესმენებს სთხოვს, აპოვნინონ არხს გამოსავალი „ოქუაშვილის მეშვეობით ივანიშვილის რეიდერული დარბევის (რაც დახურვით დასრულდება) წინააღმდეგ“:

„ამ წუთას ეს შანტაჟისტი გოგი, ცხადია, ოქუაშვილის მითითებით და უკვე სრულიად დარწმუნებული ვარ, ივანიშვილთან გარიგებით, არხს ფაქტობრივად ხურავს. საკმარისი ფული ანგარიშზე გაყიდვების სახლს აქვს (სარეკლამო შემოსავლებიდან) და გოგის ხელმოწერაზე უარის გამო, ასევე ბანკებში შეტანილი წერილებისა და პროკურატურაში შეტანილი საჩივრების გამო, ფულს ვერ ურიგებენ თანამშრომლებს და ვერც სხვა ხარჯებს წევენ, მათ შორის, კომუნალურ და ტვ-ს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ხარჯებს, რის გარეშეც ეთერის ტრანსლირებაც კი შეუძლებელი იქნება. ცხადია, რომ ეს ივანიშვილის თამაშის მოთამაშე ხალხი (სხვას ამ ქვეყანაში არავის აწყობს მთავარი არხის დახურვა) ყველაფერზე წამსვლელია. ფაქტია, ერთი ხელმოწერის გარდა, მისგან არაფერია საჭირო: არც ფული, არც რაიმე სხვა. მხოლოდ ხელმოწერა კანონიერი შემოსავლის კანონიერად განსაკარგად. მოვუწოდებ დამფუძნებლებს, ვთხოვ საზოგადოებას, მედიას, ბიზნესმენებს – აპოვნინეთ არხს გამოსავალი ოქუაშვილის მეშვეობით ივანიშვილის რეიდერული დარბევის (რაც დახურვით დასრულდება) წინააღმდეგ! ეს მხოლოდ მათ არა, ჩვენ ყველას გვჭირდება, ჩვენს საერთო ბრძოლას სჭირდება! წინასწარ გიხდით მადლობას“