სპეცრაზმელმა ამომარტყა წიხლი, ცხვირი გამიტყდა - გოგილაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს არ გამოცხადდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ნაცემი დავით გოგილაშვილის საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლე ნინო ენუქიძემ გადაწყვეტილების გამოცხადება 9 იანვრამდე გადადო. პროცესს ესწრებოდნენ საელჩოების წარმომადგენლები.

გოგილაშვილს ფიზიკური ძალადობის კვალი ისევ ემჩნევა, მას გატეხილი აქვს ცხვირი, ჰქონდა ტვინის შერყევა. პროცესზე გამოიკვლიეს ვიდეო მტკიცებულებები, გამოიკითხნენ მოწმეები.

„პირველი რაც მახსოვს, სახეში მომხდა რამდენიმე ხელი, მუშტი, რამაც უკვე შოკში ჩამაგო. […] პოლიციელები აგრძელებდნენ ამას მთელი ძალით, ჩემი წამება მიმდინარეობდა და დაშინება, გაფრთხილება, რომ აქ აღარ ჩამოვიდოდი. დაიწყეს ჩხრეკა, მარჯვენა ჯიბიდან ამომაცალეს ტელეფონი, რომელიც ვიცი სადაც მდებარეობს ახლა, თუმცა ამას სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ ითვალისწინებს, მომპარეს სრულიად უსამართლოდ, გამქურდეს, გრძელდება უკვე კიდევ უფრო სასტიკად, იმიტომ, რომ კამერებისგან მიმალულად შემხვედრმა სპეცრაზმელმა ამომარტყა წიხლის სახის არეში, სადაც ვიგრძენი, რომ ცხვირი გამიტყდა, სისხლთან ერთად მომდიოდა შედედებული სისხლი ცხვირიდან, უკვე მივხვდი, რომ შეიძლებოდა ამას ვერ გადავრჩენოდი, იმიტომ, რომ ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, ამას თვითონაც აღნიშნავდნენ, აქ კიდევ თუ ჩამოხვალ მეორედ ვეღარ გადაურჩებიო, რასაც ძალიან რეალურად აღვიქვამდი, იმიტომ, რომ არ ვიცოდი სად ვიყავი, დროსა და სივრცეში ორიენტაცია დავკარგე“, – თქვა პროცესზე დავით გოგილაშვილმა.

საპასუხოდ მოსამართლემ თქვა, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს, მაგრამ სასამართლო სხვა საქმეს განიხილავდა.

ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელებმა არ იცოდნენ რა დაეწერათ ოქმში.