საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს და მის დელეგაციას შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, „ისინი გაუგებრობაში არიან და კარგად არ ესმით საქართველოს სიტუაცია“.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „მიესალმება მთავრობის დაპირებას, რომ შეცვლის „უცხოური გამჭვირვალობის კანონს”.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულების დირექტორმა, ჯანლუკა ესპოსიტომ კი დასძინა, რომ მზად არიან, ექსპერტებთან, „განსაკუთრებით ვენეციის კომისიის ექსპერტებთან აქტიურად ჩაერთონ კანონმდებლობაში ცვლილებების შეთავაზებაში“.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა:
„მე მათ ავუხსენი, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას, რომელიც არის უშუალოდ პასუხისმგებელი ერთ რამეზე – დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, ადამიანის უფლებები და ადამიანების თავისუფლება. ამ ორგანიზაციას აქვს ერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, ხმა ამოიღოს, როცა მის წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში. ანუ ძალადობა ხალხზე, მისი უფლებების შეზღუდვა. ამისი გაპროტესტება და დაგმობა არის ასეთი ორგანიზაციის მისია.
მე მათ ავუხსენი, რომ არც მათი მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნოს არაღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილოს რუსული კანონი. ვის აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა თუ არშეცვლა. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების განმავლობაში“.