რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილის საქმის განხილვა არც დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე გაგრძელდა.
დაცვის მხარისა და პროცესების დამკვირვებელი ორგანიზაციის შეფასებით, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებისას დაკავებული პირების პროცესები განგებ იმის გამო ჭიანურდება, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მათი შეწყალება ვეღარ მოასწროს. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს არის დაგეგმილი.
კუჭუაშვილი, რომელიც მაისში დააკავეს, დღემდე პატიმრობაში რჩება. მას ბრალად ედება, რომ აქციის მიმდინარეობისას პოლიციელს ნახევრადსავსე პლასტმასის ბოთლი თვალში მოარტყა. მას ამის გამო 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კუჭუაშვილის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის თქმით, ოქტომბრიდან მოყოლებული საქმის არსებითი განხილვა აღარ გამართულა. სასამართლო სხდომები კი მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების სავალდებულო გადასინჯვას ემსახურება [კანონით, 2 თვეში ერთხელ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა სავალდებულოდ უნდა გადაისინჯოს].
მსგავს ტენდენციაზე მიუთითებენ ამავე პერიოდში დაკავებული სხვა ბრალდებულების – გიორგი ოკმელაშვილის, საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის ინტერესების დამცველებიც.
კუჭუაშვილის საქმეზე, ისევე როგორც მაგალითად გიორგი ოკმელაშვილის შემთხვევაშიც, დაცვის მხარემ მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი უდავოდ გახადა, რის შემდეგაც საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე უნდა გადავიდეს, რისთვისაც, ადვოკატების განმარტებით, ერთსაათიანი სხდომაც საკმარისი იქნება. მათი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მხარე სადავოდ არ ხდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მხარეთა პოზიციის დაფიქსირება დიდ დროს არ წაიღებს.
ამ ვითარების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ამბობს, რომ ხან სასამართლო, ხანაც პროკურატურა საბაბად პროცედურულ საკითხებს იყენებს, რათა მაქსიმალურად გაიწელოს დრო და საქმე შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდეს.
ოკმელაშვილის ადვოკატის, კობა ბარამიას ცნობით, 3 ოქტომბრის შემდეგ მათ საქმეზე საქმის განხილვა აღარ გამართულა.
მისი ცნობით, 15 ოქტომბერს ჩანიშნულ სხდომაზე პროკურორი არ გამოცხადდა, სასამართლომ კი მომდევნო პროცესები არც ოქტომბერში ჩანიშნა და არც ნოემბერში, ორი თვის შემდეგ – 12 დეკემბერს გამართულ სხდომაზე კი გადაისინჯა მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება.
რაც შეეხება დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადასვლას, 12 დეკემბერს პროკურატურიდან პროცესზე არა საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი, არამედ მისი შემცვლელი როინ ხინთიბიძე მივიდა. ხოლო როდესაც მოსამართლემ მხარეებს დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადასვლა შესთავაზა, პროკურორმა ხინთიბიძემ აღნიშნა, რომ ის არ იყო მზად დასკვნითი სიტყვისთვის, ვინაიდან არ იყო საქმის პროკურორი და მომზადებისთვის დრო ითხოვა. დაცვის მხარის შეთავაზების მიუხედავად, რომ მომდევნო პროცესი დროის მოკლე მონაკვეთში ჩანიშნულიყო, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა აღარ დააკმაყოფილა სასამართლოს გადატვირთულობის მოტივით და მომდევნო სხდომა 10 იანვარს ჩანიშნა.
მსგავსად მოხდა გიორგი კუჭუაშვილის შემთხვევაშიც – საქმის განხილვა ბოლოს 4 ოქტომბერს შედგა. მომდევნო პროცესების თარიღად მონიშნული იყო 11 და 24 ოქტომბერი, რომელიც გაუქმდა. ოფიციალური მიზეზად კი ადვოკატს სასამართლოდან განუმარტეს ის, რომ „მოსამართლეს აქვს სხვა საპატიმრო საქმეები განსახილველი”.
4 ნოემბერს სასამართლომ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა, მომდევნო 21 ნოემბერს სხდომა კი ისევ გადაიდო პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე.
დღეს, 20 დეკემბერს გამართულ პროცესზე სასამართლომ ისევ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა.
რაც შეეხება დასკვნით ეტაპზე გადასვლას, აქ უნდა აღვნიშნოთ ერთი გარემოების შესახებ – ამ შემთხვევაში ორი ბრალდებულის – გიორგი კუჭუაშვილისა და დავით კოლდარის საქმეს სასამართლო გაერთიანებულად განიხილავს. კოლდარს ბრალად აქვს წარდგენილი 187-მუხლის პირველი ნაწილი – რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მას პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავებიან.
ეს მუხლი კი „ამნისტისტირებულია”, ხოლო იმისთვის, რომ კოლდარს ამნისტია შეეხოს, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.
დღეს კი პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილი პროცესზე თქვა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია [ამჯერად პროცესზე ის ცვლიდა საქმის პროკურორს, როინ ხინთიბიძეს], „დღევანდელ სხდომაზე ამ პირის [დაზარალებულის] წარმოდგენა ვერ მოხერხდა. როგორც მან დამატებით აღნიშნა, მოწმეს სჭირდებოდა დრო პოზიციის შესაჯერებლად.
პროკურორმა გააპროტესტა დაცვის მხარის რეპლიკაც, როდესაც მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ბოლო ოთხი სხდომის გადადება ემსახურებოდა პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებას. მისივე თქმით, ბრალდებები საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით აზრს მოკლებულია.
მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა, ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა, მომდევნო პროცესი კი 15 იანვარს ჩანიშნა.