შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ანგარიშს, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს მათი დამკვირვებლების მანქანა რამდენიმე ათეულმა „კუნთმაგარმა” პირმა დააზიანა და აცხადებს, რომ „დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება „სამართალდამრღვევი მძღოლის დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით”.
PACE-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 28 ნოემბერს გამოაქვეყნა, განაცხადა, რომ „არჩევნების დღეს სოფელ ბოდბეში, სიღნაღის რაიონში საარჩევნო უბანთან მიუღებელი ინციდენტი მოხდა”.
„დაახლოებით 40 აგრესიული არამეგობრული კუნთმაგარი კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა საარჩევნო უბნის გარეთ განზრახ დააზიანა გუნდის მანქანა. საბურავი გახვრიტეს და დაზიანებულ მანქანაზე ძველი მანქანის შეჯახებით სცადეს, ინციდენტი შემთხვევითობად წარმოეჩინათ”. – განაცხადა PACE-მ.
შსს-ის განცხადებით, „ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი”.
უწყება წერს, რომ სამართალდამცველებმა ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დაათვალიერეს ტერიტორია და „შეტყობინების ინიციატორთან გასაუბრების შემდეგ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია”.
„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება მძღოლს საავტომობილო გზის გვერდულზე ჰყავდა გაჩერებული.
ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მძღოლმა განუმარტა, რომ მისთვის დაუდგენელმა ავტომობილმა სავარაუდოდ, საავტომობილო გზაზე მოძრაობისას დაუზიანა მის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება და ითხოვა მომხდარი ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირება.
ასევე, სამართალდამცველებმა მძღოლს ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა ვარაუდი, რომ აღნიშნული ავტომობილი შესაძლოა ვინმეს განზრახ დაეზიანებინა, თუმცა მას არ გამოუთქვამს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ავტომობილი შესაძლოა განზრახ ყოფილიყო დაზიანებული”. – განაცხადა შსს-მ.