ოზურგეთის საკრებულოში დაპირისპირება იყო

პუბლიკა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება იყო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე აქციების დროს ნაცემი მოქალაქეების ფოტოები მიიტანეს და „ოცნების“ დეპუტატებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა სცადა, ოზურგეთის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის გადაეცა ნაცემი მოქალაქეების ფოტოები. დეპუტატისთვის ფოტოების წართმევას ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„TV პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიას თქმით, მის ოპერატორს ფეხი დაარტყეს. კადრებში ჩანს, რომ ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე სიტყვიერად დაუპირისპირდა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს.

ოზურგეთის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტს განიხილავენ, რომელზეც დეპუტატებმა თანამდებობის პირებისთვის ხელფასის გაზრდაზეც უნდა იმსჯელონ. საბოლოოდ სხდომა მას შემდეგ გაგრძელდა, რაც ადგილზე  პოლიცია გამოიძახეს და ოპოზიციის წევრებს დარბაზი დაატოვებინეს.

„აქ მოსული ვიყავით მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად რომ გვეჩვენებინა იმ დასახიჩრებული, დალეწილი ბავშვების, ადამიანების ფოტოები, რომლებზეც ძალადობს რუსული ხელისუფლება ახლა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ იგივე ხდება ადგილზე, იგივე ძალადობა, გავეშებულები რომ არიან, პოლიცია, მილიცია, მთელი დაცვის მობილიზება ჰქონდათ იმისთვის, რომ თურმე მერს და საკრებულოს წევრებს არ ენახათ ეს ფოტოები“, – თქვა თათია ნიკოლაშვილმა „ფორმულასთან“.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ  ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. 28-ე დღეა, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. პარალელურად საპროტესტო გამოსვლებს მართავენ ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში. პროევროპულ აქციებზე სამართალდამცავები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, ცრემლმდენ გაზს, სპეცრაზმი აქციის დაშლის დროს სცემდა მოქალაქეებს. 28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე დააკავეს 400-ზე მეტი ადამიანი, მათი ნაწილი – სისხლის სამართლის წესით.