„ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს და კვლავ „დიფ სთეითის“ კონსპირაციებზე საუბრობს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც კვლავ ლაპარაკობს „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითისკონსპირაციებზე ლაპარაკობს, დასავლელ პარტნიორებს აკრიტიკებს და რუსული პროპაგანდის ნარატივებს ავრცელებს.

„ოცნება“ გამოეხმაურა აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების მიმართ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პირების მიმართ დაწესებულ სანქციებს და თქვა, რომ ეს „ანტიქართული ნაბიჯია, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ“.

პარტია წერს:

„უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს“.

„გლობალური ომის პარტია” მმართველი პარტიის კონსპირაციაა. ხელისუფლების წევრები ხშირად ავრცელებენ დაუსაბუთებელ მოსაზრებებს, რომ სწორედ „გლობალური ომის პარტიას” სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს.

ხოლო საერთაშორისო კონსპირაციის თანახმად, deep state არის ჩრდილოვანი მმართველობა – ხელისუფლების ტიპი, რომელიც მოიცავს ძალაუფლების საიდუმლო და არაავტორიზებული ქსელებს და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად.

„ოცნება“ წერს, რომ „ბოლო 4 წლის განმავლობაში დიფ სთეითი ანადგურებდა აშშ-ს და მსოფლიოს არაერთ ქვეყანას“.

პარტია ასევე ავითარებს პრორუსულ ნარატივს, რომ სწორედ „დიფ სთეითმა“ გახვია ომის ქარცეცხლში მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო, ყველაზე მძიმედ კი, „დიფ სთეითის“ პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე – უკრაინაზე აისახა“.

„ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელ განცხადებაში კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პროპაგანდისტული გზავნილი, რომ საქართველო „ჯერჯერობით გადაურჩა უკრაინულ სცენარს“, თუმცა, დასავლეთი კვლავ ცდილობს „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას“.

„სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომლებსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და „დიფ სთეითის“ ხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„ოცნება“ ასევე ავრცელებს უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ინფორმაციას, რომ „ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში, მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგვთხოვს“.

განცხადებაში „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს ამერიკელ კონგრესმენზე, ჯო უილსონზე, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს პარტიას და რომელმაც იმუშავა როგორც „მეგობარი აქტის“ შედგენასა და მის ინიციირებაზე, ისე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე. „მეგობარ აქტს“ „ოცნება“ „მტერ აქტს“ უწოდებს.

„ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ“, – წერს პარტია.

„ქართული ოცნება“ ახსენებს ჯორჯ სოროსსაც.

„ევროპაში „დიფ სთეითისმეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა – „სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია“. ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ „დიფ სთეითის“ უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება“.