ალიევი: სომხეთი საფრთხეა რეგიონისთვის, ფაშისტური სახელმწიფოა

პუბლიკა

„სომხეთი რეგიონისთვის საფრთხის წყაროა“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეარხთან საუბრის დროს. მის ამ განცხადებას აზერბაიჯანული ონლაინგამოცემა ავრცელებს.

„სომხეთი რეალურად რეგიონისთვის საფრთხის წყაროა. დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო, სინამდვილეში, არის ფაშისტური სახელმწიფო, რადგან თუ ქვეყანა თითქმის 30 წლის განმავლობაში იმართება ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერების მიერ, მათ ქვეყანა აქციეს იმად, რაც არის“, – თქვა მან.

ის აცხადებს, რომ მათთვის, როგორც „ფაშისტური სახელმწიფოს მეზობლებისთვის“ ეს „საფრთხე“ არსად მიდის. ალიევის განცხადებით, „შესაბამისად, ფაშიზმი უნდა განადგურდეს, მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა გაანადგურებს, ან ჩვენ, სხვა არჩევანი არ გვაქვს“.

Armenpress ავრცელებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის კომენტარს ალიევის განცხადებებთან დაკავშირებით – ის ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „შესაძლოა, ბაქო ამზადებდეს რეგიონში ესკალაციის „ლეგიტიმაციას“. კეთდება აგრესიული განცხადებები იმ მოლოდინით, რომ ერევანი უპასუხებს აგრესიულად, რაც ბაქოს მეტად აგრესიული განცხადებების გაკეთებისკენ უბიძგებს… ჩვენ ამ გზას არ გავყვებით და დავრჩებით ერთგული სამშვიდობო სტრატეგიის“.