ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

„ბათუმელების” ინფორმაციით, დაკავებულთა რიცხვი 10-მდეა. გამოცემის ჟურნალისტის თქმით, დაკავებულთა შორის არიან საპროტესტო აქციის მონაწილეები: ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია, მათე ცენტერაძე, ლალი დგებუაძე, გოდერძი ფრანგიშვილი და თემურ ქათამაძე.

„ბათუმელების” ცნობით,  ციალა ქათამიძე დაკავებულია იმისთვის, რომ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით „გაიფიცე“.

ხოლო ვაჟა დარჩია დააკავეს იმის გამო, რომ იკითხა, თუ რატომ დააკავეს ციალა ქათამიძე.

გამოცემის თანახმად, ამის შემდეგ დააკავეს ბათუმელი სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელმაც, აქციის მონაწილეების თქმით, ასევე პროტესტის ნიშნად ასფალტზე დააკრა პლაკატი.

„პუბლიკა” ცდილობს დეტალების შსს-სთან გარკვევას.

ბათუმში პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან არიან შეკრებილები.