„ბათუმელების” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
„ბათუმელების” ცნობით, გამომძიებელმა ამაღლობელის ოჯახს აცნობა, რომ მზია ამაღლობელს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას:
„პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით”.
მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„საიას” იურისტის, თამარ წულუკიძის თქმით, მზია ამაღლობელის ქმედებაში არათუ სისხლის, არამედ ადმინისტრაციული დანაშაულის ნიშნებიც კი არ არის, ვინაიდან ის ჭყლეტაში მოყვა.
წულუკიძემ კომენტარი ამაღლობელთან საუბრის შემდეგ გააკეთა – დაკავებულთან შეხვედრის შესაძლებლობა მას და ადვოკატ პაატა დიასამიძეს რამდენიმე საათის შემდეგ მიეცათ.
„ველოდებით იმ მტკიცებულებებს, მასალებს, რაც საქმეში იქნება წარმოდგენილი. თუმცა, მიგვაჩნია, რომ მის ქმედებაში ადმინისტრაციული დარღვევის ნიშნებიც კი არ იყო. ამას ხედავდნენ აქციაზე მყოფი პირებიც და ყველა ამის მოწმე იყო. ფაქტია, რომ ქალბატონი მზია ჭყლეტაში მოყვა და გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა.
მუხლი ითვალისწინებს თავდასხმას, მაგრამ შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ თავდაცვის რეჟიმშიც კი იყო ის. სრულიად მოულოდნელად ატყდა ხმაური, ჭყლეტა და ამ მდგმარეობაში აღმოჩნდა.
ჭყლეტის გამო ფეხსაცმელი გაძვრა და ფეხშიშველი შეიყვანეს სამმართველოში. შემდეგ შემოაწოდეს ფეხსაცმელი”. – თქვა იურისტმა თამარ წულუკიძემ.
მანამდე მზია ამაღლობელი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა.
„ბათუმელებმა” დაწერა, რომ მასთან ამაღლობელის მონათხრობის თანახმად, როდესაც ის პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ.
„ხელის გათავისუფლების მიზნით, მან ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი. პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა”. – დაწერა „ბათუმელებმა”.
აჭარის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძეა.
თამარ წულუკიძის განცხადებით, შესაძლოა, მზია ამაღლობელს ჰქონდეს დაკავების დროს მიყენებული დაზიანებები, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დროულად შემოწმება. წულუკიძისვე თქმით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ამაღლობელს პოლიციის სამმართველოდან ბათუმის იზოლატორში გადაიყვანენ.
მზია ამაღლობელი დუმილის უფლებას იყენებს.
აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი ბათუმში, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო 11 იანვარს დააკავეს. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”.
მანამდე ამავე საბაბით დააკავეს კიდევ 9 ადამიანი.
რამდენიმე საათში დაკავებულთაგან 4: მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს.
თუმცა, მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართელოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად.