საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტების ნაწილი პროტესტის ნიშნად აუდიტორიებს იკავებს. სტუდენტები პროტესტის ამ ფორმით მოითხოვენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას, პროევროპული აქციების ფარგლებში უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას და უნივერსიტეტებისგან განცხადებების გაკეთებას.
პროტესტის ამ ფორმას პირველად თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართეს. მათ 18 დეკემბერს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე პროტესტის ნიშნად დაიკავეს და მოითხოვეს, რომ უნივერსიტეტს მათთან შეთანხმებით ანდრო ჭიჭინაძის და ყველა უკანონოდ დაკავებულისა და დაზარალებულის შესახებ სოლიდარობის განცხადება გაეკეთებინა.
უნივერსიტეტმა 19 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომლითაც სოლიდარობა მხოლოდ დაზარალებულებს გამოუცხადა. ასევე, მიუთითა, რომ „მხარს უჭერს დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით. მათ შორის მსახიობებზე – ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეზე“. სტუდენტები ამ განცხადებას გაემიჯნნენ და სამარცხვინო და მათთვის მიუღებელი უწოდეს. ისინი უნივერსიტეტის ფოიეში პროტესტს აგრძელებენ.
პროტესტის ამ ფორმას შეუერთდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მათი თქმით, ისინი შენობაში დარჩებიან, სადამდეც საჭირო იქნება და ბრძოლას გააგრძელებენ მანამდე, სანამ თანამებრძოლებს თავისუფლებას არ მოუპოვებენ და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არ დაბრუნდება.
„დღეს სტუდენტები შევიკრიბეთ თსუ-ის პირველ კორპუსში რათა ხმამაღლა გავაჟღეროთ, რომ ჩვენ არ გვეშინია და გავაგრძელებთ სამშობლოსთვის ბრძოლას იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებსა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, რომელთა რიგებში არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები“. — აცხადებენ თსუ-ის სტუდენტები.
აუდიტორია დაიკავეს „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის” სტუდენტებმაც. ისინი მე-3 დღეა, უნივერსიტეტის შენობაში ათენებენ და მოითხოვენ, რომ უნივერსიტეტმა სოლიდარობა გამოუცხადოს ირაკლი მიმინოშვილს, სეუ-ს სტუდენტს, რომელიც პროევროპული აქციების ფარგლებში უკანონოდ დააკავეს და 11 იანვარს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით შენობა 15 იანვარს დაიკავეს. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში „რეჟიმის მიერ ასობით უკანონო დაკავებული და დაზარალებული ადამიანი გვყავს, მაგრამ არც ერთი დასჯილი ძალოვანებიდან“.
„ვიკავებთ სივრცეს, რომელიც ჩვენთვის განათლების წყარო და ფასეულობრივი მაგალითის მომცემი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში სამხატვრო აკადემიამ არარსებული ნეიტრალიტეტი აირჩია. ჩვენ კი დღეიდან ჩვენ ბრძოლას ამ კედლებიდან გავაგრძელებთ“, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.
პროტესტის ფორმას შეუერთდნენ „თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების” სტუდენტებიც. მათ შენობა 15 იანვარს დაიკავეს და განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები მათ არ უზღუდავს აზრის გამოხატვას, ეს მათ არ აძლევს მოდუნების უფლებას.
„ჩვენი ამ აქტით, მიზნად ვისახავთ, საგანმანათლებლო სივრცე თვითორგანიზების კერად ვაქციოთ. „ქართული ოცნების“ ქმედებებში ნათლად ჩანს შიში. მათ ეშინიათ, რადგანაც გრძნობენ, რომ მათი რეჟიმის დასასრული ახლოსაა და მალე მოუწევთ საკუთარ დანაშაულებზე პასუხისგება“. — ამბობენ სტუდენტები.
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომელიც უკვე ორი ღამეა უნივერსიტეტის შენობაში ათენებს, ითხოვს დაკავებული დეკანის, მამუკა ჯორბენაძის და სტუდენტების დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძის, ანრი კაკაბაძის, გიორგი დავითაძისა და ასევე სხვა პატიმრების გათავისუფლებას. სტუდენტები ასევე მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს.
„სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ბათუმის დრამატული თეატრის თანამშრომლებს და კულტურის ყველა წარმომადგენელს, ვინც სისტემასთან უთანასწორო ბრძოლაში მტკიცედ დგას. ძალა სტუდენტების ერთობაშია. გავიმარჯვებთ სახელოვნად“. – აცხადებენ სტუდენტები.
პროტესტის ნიშნად და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აუდიტორია დაიკავეს და შენობაში ათენებენ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა” და ილიაუნის სტუდენტებიც.