ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ პროკურატურა მათგან 2024 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლის და შედეგად მიღებული დასკვნების სრული დოკუმენტაციის გაგზავნას არჩევნების გაყალბების საქმის ფარგლებში.
ISFED ამბობს, რომ უწყებას ამ დოკუმენტაციას მიაწვდის.
2024 წლის 27 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეს ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები შესაძლოა სათანადოდ არ ასახავდეს ქართველი ამომრჩევლების ნებას.
აქედან გამომდინარე, ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებაზე უარი თქვა.
ორგანიზაციამ განახადა, რომ მათ მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, „თუმცა, იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე”.
2024 წლის 26 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოიკვეთა არაერთი სახის დარღვევა, რის გამოც არჩევნების ლეგიტიმაციას, ასევე, შედგების ლეგიტიმაციას და შედეგად დაკომპლექტებულ „ქართული ოცნების” პარლამენტს და მთავრობას არ აღიარებენ როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე – არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეების დიდი ნაწილი, ასევე, საერთაშორისო საზოგადოება.
პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება 30 ოქტომბერს დაიწყო.
რაც შეეხება „სამართლიან არჩევნებს” — 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ორგანიზაციის პარალელური დათვლას ჰქონდა ხარვეზი — გამოვლინდა ხარვეზი PVT-ის ფორმულაში – ნამდვილ ხმებთან ერთად მითვლილი იყო ბათილი ბიულეტენები. ამის შესახებ ორგანიზაციამ საზოგადოებას ინფორმაცია დაგვიანებით მიაწოდა.
ორგანიზაციის გამგეობის მაშინდელი წევრი, ბაია პატარაია ამბობდა, რომ ამან „სხვადასხვა აზრი გააჩინა ორგანიზაციის მუშაობის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რამაც ISFED-ს რეპუტაციული ზიანი მიაყენა. პატარაიას თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა ორგანიზაციის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ აიღო. ნიჟარაძემ ორგანიზაცია დატოვა.
„ქართული ოცნება” უკვე მე-5 წელია, ორგანიზაციის შეცდომას პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს და აქვს როგორც ISFED-ის, ისე ზოგადად სამოქალაქო სექტორის და დასავლელი დონორების დისკრედიტაციის მცდელობა.