„ოცნება" ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმის ნაცვლად ნარკოდანაშაულზე ციხის სასჯელს ამკაცრებს

„ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ მუხლებს ისევ ამკაცრებს.

ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკების გასაღების პარალელურად კანონმდებლობაში გაჩნდება ჩანაწერი – ნარკოტიკების გაყიდვის და ის გასაღებაზე მკაცრად დაისჯება.

მკაცრდება მიდგომა ნარკოტესტირებაზე – მასზე მეორედ თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. მკაცრდება მთელი რიგი მიდგომები ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართაც – როგორიცაა სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა თუ მცირე ოდენობით, მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების ფლობა.

კანონმდებლობაში ასევე განისაზღვრება ცნება ნარკოვაჭრობა და ნარკომოვაჭრე. ცვლილებები შედის ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობებშიც.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკულ დანაშაულს 33-ე თავი ეთმობა. 260-ე მუხლი კი, დღეს მოქმედი რედაქციით, ადგენს პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალების როგორც შეძენა-შენახვაზე, ასევე მის დამზადებაზე, გადაზიდვასა და გადაგზავნაზე.

ცვლილებებით კი, სხვადასხვა მუხლად გამოიყოფა ნარკოტიკული საშუალების შეძენა- შენახვა და მისი უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობით ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობები ადეკვატურად არაა გაწერილი, აღნიშნული მუხლი შესაძლოა შეეხოს ისეთ შემთხვევებსაც, თუ პირი ნარკოტიკულ საშუალებას პირადი მოხმარების მიზნით ფლობს.

აღსანიშნავია, რომ მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, თუმცა აქ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, თუ რა ოდენობას მიიჩნევს კანონმდებელი მცირე, დიდ ან განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა) სასჯელი იგივე რჩება – 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა უკვე 7 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

თვალსაჩინოებისთვის, ეს ნიშნავს, რომ მაგალითად 0.06 გრამის ნარკოტიკული საშუალება MDMA-ის ფლობა 6 წლამდე დაისჯება, ხოლო გადაზიდვა-გადაგზავნა 7 წლამდე.

რაც შეეხება ახალი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასჯელი იზრდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვაზე და ის 5 წლის ნაცვლად, 6  წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა).

რაც შეეხება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვას ან გადაგზავნას, ის შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

რაც შეეხება აღნიშნული ნივთიერებების დიდ ოდენობებს, სასჯელი მკაცრდება დამზადების, წარმოების, გადაზიდვის ან გადაგზავნის ნაწილში. თუ აქამდე ამ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, კანონპროექტით ის 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

რაც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვას ან გადაგზავნას,  მინიმალური სასჯელი 8-ის ნაცვლად, ცხრა იქნება – ანუ აღნიშნული დანაშაული დაისჯება 9-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

თვალსაჩინოებისთვის, მაგალითად, დღეს მოქმედი კანონმდებლობით 1 გრამზე მეტი ოდენობით MDMA განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება, შესაბამისად, მისი ფლობა, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ნარკოვაჭრობა და ნარკოტიკების გასაღება

საკანონმდებლო პაკეტით, შემოდის ახალი ტერმინები ნარკოვაჭრობა და ნარკომოვაჭრე.

ნარკოვაჭრობა – ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღება.

ნარკომოვაჭრე – ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გამსაღებელი.

გასაღების ქმედებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმები თავს იყრის 260 სეკუნდა მუხლში. კანონპროექტით ამ მუხლში გაერთიანდება, ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღება და დაისჯება შემდეგნაირად:

ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღება – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე.

  • დიდი ოდენობის შემთხვევაში – 5-დან 9 წლამდე.
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 10-დან 14 წლამდე.

მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 8 წლამდე.

  • დიდი ოდენობით – 4-დან 9 წლამდე.
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 5-დან 10 წლამდე.

ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე.

  • დიდი ოდენობით – 12-დან 17 წლამდე.
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ნარკოტიკული საშუალების გაყიდვა

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ნარკოტიკების გასაღების გარდა ცალკე ქმედებად გამოყოფს მის გაყიდვას. კანონპროექტში განმარტებული არაა, რა განასხვავებს ამ ორ ქმედებას ერთმანეთისგან.

ამ ქმედებასთან დაკავშირებით სასჯელი გაწერილი იქნება 260 ტერცია მუხლში შემდეგნაირად:

ფსიქოტროპული ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გაყიდვა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10 წლამდე.

  • დიდი ოდენობით – 6-დან 12 წლამდე.
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 17 წლამდე.

ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გაყიდვა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

  • დიდი ოდენობით – 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

კანონპროექტით, ცვლილებები ასევე შეეხო ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვასა და გადაზიდვა-გადაგზავნას.

ნარკოტესტირება

კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან  60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

კანონპროექტით, თუ პირის გარეგნული ან/და ქცევითი მახასიათებლები ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ის იმყოფება ნარკოტიკული საშუალების (გარდა მცენარე კანაფის, მარიხუანისა) ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით გადაყვანა ან გამოკვლევის შედეგების არაუგვიანეს 24 საათისა წარმოდგენა.

გადაყვანაზე, გადაყვანის შემთხვევაში გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმა, ან გამოკვლევის შედეგების წარუდგენლობა ჩაითვლება  შემოწმებისთვის თავის არიდებად.

განმეორების შემთხვევაში ნარკოტესტირებაზე თავის არიდება სისხლის სამართლის წესით დაისჯება – სანქციის სახით კი გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ანდა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

მოხმარება, მცირე ოდენობით ფლობა

კანონპროექტით, მიდგომა ამ შემთხვევაშიც მკაცრდება – კერძოდ, იზრდება ჯარიმებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა.

შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების (გარდა მცენარე კანაფის, მარიხუანისა) მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

დღეს მოქმედი რედაქცია ასეთია – ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების ჩადენა სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს ცვლილებებამდეც ასე იყო, თუმცა  ჯარიმის ოდენობა გაიზრდება – ქმედება დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე. ჯარიმა არ უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში 3 წლის ვადით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება – 5 წლით ვადით.

სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა

3 წლის ნაცვლად ახლა უკვე 5 წლით ვადით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს ჩამოერთმევა:

  • ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
  • ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
  • გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
  • დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
  • ე) საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება;
  • ვ) პასიური საარჩევნო უფლება;
  • ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლად ითვლება პირი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დამნაშავედ არის ცნობილი მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაში ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებაში.

ცვლილებები ოდენობებში

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტით ცვლილებები ასევე შედის ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობებში და რიგ მათგანზე მცირდება [ნახევრდება] განსაკუთრებით დიდი ოდენობა.

ეს საშუალებებია:

  • ბუპრენორფინი – (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ათვლა დაიწყება 0,06 გრამიდან);
  • კოკაინი – განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაიწყება 3 გრამიდან);
  • მარიხუანა – განსაკუთრებით დიდი ოდენობის ათვლა დაიწყება 250 გამომშრალი – 500 გრამიდან ნედლი.
  • პსილოციბინის ან პსილოცინის შემცველი სოკოს ნებისმიერი სახეობა – განსაკუთრებით დიდი ოდენობის ათვლა დაიწყება 25 გრამიდან.
  • ტეტრაჰიდროკანაბინოლები (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) – 2,5 გრამიდან.
  • კეტამინი – 5 გრამიდან.
  • პრეგაბალინი – 30 გრამიდან.

რა კუთხით საჭიროებს ნარკოპოლიტიკა რეფორმას

წლების განმავლობაში ნარკოპოლიტიკის დარგში მომუშავე ექსპერტები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, აქტივისტები ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ.

მათი თქმით, საქართველოს მთავრობამ და საკანონმდებლო ორგანომ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ადიქციის პრობლემის და მასთან დაკავშირებული დანაშაულების მიმართ. ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება გააზრებულ უნდა იქნას ჯანდაცვის ჭრილში და მასთან გამკლავებაც სწორედ ზრუნვის პრინციპებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდებით განხორციელდეს.

სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა-გაფართოების გარდა მნიშვნელოვანია, ზიანის შემცირების პროგრამების გაფართოება, ასევე, სკოლებში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციის პროგრამების სრულმასშტაბიანი დანერგვა.

ზედოზირების პრობლემის მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა – არალეგალური ნარკოტიკების ბაზრის მონიტორინგისა და  სახიფათო ნივთიერებების გავრცელების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის.

სპეციალისტები საუბრობენ ორმაგი დიაგნოზების ინტეგრირებული მართვის გაუმჯობესებაზეც – მათი თქმით, ქვეყანაში არსებული რეგულაციები მთელ რიგ სირთულეებს ქმნის ისეთი კომპლექსური შემთხვევების მართვისას, როდესაც ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური პრობლემები ერთობლივ, გადაუდებელ, კოორდინირებულ და თანამიმდევრულ ზრუნვას საჭიროებენ.

ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ პირთა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას ქვეყანაში არასათანადო მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ როცა აღნიშნული რგოლი არის საკვანძო რემისიის შესანარჩუნებლად.

სწორედ ზემოთ აღნიშნული მიდგომების ეფექტიანი განხორციელებისთვისაა საჭიროა ჰუმანური საკანონმდებლო მიდგომები – რომ გაუქმდეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასჯადობა, რომ სამართლიანად განისაზღვროს ნარკოტიკული საშუალებების ზღვრული ოდენობები, რათა იმ პირებზე, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ, კანონმდებელი ქმნიდეს შესაძლებლობას, მოხვდნენ არა ციხეში, არამედ სამკურნალო და ზრუნვის დაწესებულებაში.