ამ კვირაში მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დრონებით მეორედ დაესხნენ თავს

პუბლიკა

ამ კვირაში მეორედ იყო უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე. დილით მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს თავდასხმა და გაანეიტრალეს 4 დრონი, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ.

ამის შემდეგ მოსკოვის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ ორი დრონი ჩამოაგდეს ქალაქ ბალაშიხას თავზე, მოსკოვის აღმოსავლეთით, ხოლო კიდევ ერთი სამხრეთით, იუჟნაია ბიცას მიკრორაიონში.

ვორობიოვის თქმით, ბალაშიხაში თვითმფრინავის ნამსხვრევები სამშენებლო მოედანზე ჩაცვივდა, ხოლო იუჟნაია ბიცაში – მშენებარე მრავალსართულიან შენობაზე. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, დაწერა მან Telegram-ზე.

სამთავრობო მედია TASS გადაუდებელი დახმარების სამსახურზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსის სახურავი დაზიანდა დრონით თავდასხმის შედეგად. ეს ქუჩა ახლოსაა კუტუზოვის პროსპექტთან, სადაც მოსხალოებამ აფეთქების ხმა გაიგო. ასევე სამთავრობო „რია ნოვოსტი“ წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები დაეცა კორპუსის სახურავის ნაწილს. მსხვერპლი არ არის.

სამშაბათს დრონებით მასშტაბური თავდასხმა იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის მოსკოვის ოლქზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის რეგიონში 90-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. მოსკოვის რეგიონში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.