აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პოსტი გამოაქვეყნა Truth Social-ზე და დაწერა, რომ მის გუნდს ხუთშაბათს ჰქონდა „ძალიან კარგი და პროდუქტიული დისკუსიები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან“. მისი აზრით, ძალიან კარგი შანსია, „ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს“.
ტრამპი ამავე პოსტში საუბრობს, სავარაუდოდ, კურსკზე, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ის წერს, რომ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი „მთლიანად გარშემორტყმულია“ რუსი სამხედროებით და ამბობს, რომ ისინი „ძალიან ცუდ და დაუცველ მდგომარეობაში არიან“.
„მე მკაცრად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ მათ სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ეს იქნებოდა საშინელი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ღმერთმა დალოცოს ყველა მათგანი“, – წერს ის.
თეთრმა სახლმა განმარტა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა აშშ-ის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და არა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. დაბნეულობა გამოიწვია ტრამპის ციტატამ, რომ „მკაცრად სთხოვა პუტინს“, რაც ისე ჟღერდა, თითქოს ის პირადად ესაუბრა რუსეთის ლიდერს.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი გუშინ მოსკოვში ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. როგორც დიმიტრი პესკოვმა თქვა, ისინი შეთანხმდნენ, რომ პუტინი ისაუბრებს ტრამპთან, თუმცა დრო ჯერ არ არის დადასტურებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი ძალების „გადამწყვეტი მოქმედებების შედეგად“ მან „გაათავისუფლა“ 28 დასახლება რუსეთის კურსკის ოლქში, მათ შორის სუჯა.