მაღაროელებმა მერაბ სარალიძემ და სიმონ მიქაცაძემ შიმშილობა დაიწყეს. ისინი მოითხოვენ, სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში, შეხვდეს ხელისუფლების წარმომადგენელი მაღაროელებს და უშუალოდ მოისმინოს მათი პოზიციის შესახებ.
„მარტივი არ იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. ზუსტად ვიცოდი, რომ პირველ რიგში ჩემი ოჯახი ძალიან ინერვიულებდა, მაგრამ დამჭირდა, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღო და რადგან მივიღე, ამას ვერაფერი შეცვლის.
35 დღეა ვსაუბრობთ. ვთხოვდით მთავრობას, რომ მოესმინა ჩვენი პრობლემების შესახებ. პროტესტამდეც მივმართავდით ადგილობრივი ხელისუფლების მეშვეობით, რომ შეგვხვედროდნენ. მიუხედავად ამისა, ელემენტარული პატივისცემაც ვერ მოვიპოვეთ.
ძალიან დიდი უსამართლობის შეგრძნება მაქვს, შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს. როცა მინიმუმ 3500 ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ შემოსავლის გარეშე დარჩა, ოჯახში პურის ფული არ აქვთ და ბავშვები მშიერი ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ისიც ვერ მოხერხდა, რომ თავი შეიწუხონ, ერთი წარმომადგენელი გამოაგზავნონ და რეალურად მოისმინონ პრობლემები…
გახსოვთ და იცით, არაერთი გაფიცვა გვქონია და ვითომ აგვარებდნენ ხოლმე პრობლემებს, მაგრამ რეალურად იმ ეტაპისთვის ჩანდა, რომ თითქოს მოგვარებული იყო ან მოგვარდებოდა, მაგრამ საბოლოოდ უარესი შედეგი მოჰქონდა. ყოველი გაფიცვის შემდეგ დროებით გვარდებოდა რაღაც დონის პრობლემები და შემდეგ უარესი შედეგი მოჰქონდა როგორც ჭიათურისთვის, ისე მშრომელი ადამიანებისთვის.
დღეს იგივე სიტუაციაა, არავინ გვიგდებს ყურს, არავის არ მიაქვს გულთან ეს პრობლემა და აპირებენ ისევ იმ წესებით მოაგვარონ პრობლემა, როგორც აქამდე გვარდებოდა…
უნდა მობრძანდეს ხელისუფლების წარმომადგენელი, თვითონ გადაწყვიტონ ვინ მოვა, ოღონდ უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი, რომ ის ჩვენი სათქმელი მოისმინოს და მიიტანოს საჭირო ადგილას“, – განაცხადა მერაბ სარალიძემ.
მას შემდეგ, რაც მაღაროელებმა ჭიათურაში პროტესტი დაიწყეს, ისინი თბილისშიც ჩამოვიდნენ და რამდენიმე აქცია გამართეს, მათ შორის კანცელარიის შენობასთან და კიდევ ერთხელ მოითხოვეს პროცესებში სახელმწიფოს ჩართულობა.
ერთ-ერთი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთანაც გაიმართა, სადაც მათ მოითხოვეს 3 თვის ხელფასის ანაზღაურება და ჭიათურის საკითხზე „ოცნების“ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილ სამმხრივ კომისიაში მათი წარმომადგენლის ჩართვა.
მაღაროელები აცხადებენ, რომ სამმხრივ კომისიაში ჩართული პროფკავშირები „ერთ-ერთი მონაწილეა იმ დანაშაულის, რაც წლების განმავლობაში ჭიათურაში ხდება“ და მათ მიმართ ნდობა არ აქვთ.
იქამდე „ქართული ოცნების” ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 28 მარტს ჭიათურის საკითხზე შექმნილი სამმხრივი კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, თუმცა არა მაღაროელები.
განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე მიიწვიეს კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ წარმომადგენლებიც, ხოლო „ჯგუფის მთავარ მიზანს წარმოადგენს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა სოციალური უფლების რეალიზებასა და მის შემდგომ გაგრძელებაზე მუშაობაში პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერა“.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა – მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალური” პროტესტი დაასახელა.
„ჯორჯიან მანგანეზი” მაშინ წერდა, რომ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობდნენ.
მაღაროელების თქმით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და მათ დღემდე არ აქვთ აღებული ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჭიათურაში საპროტესტო აქციები.
მაღაროელების მოთხოვნებია:
- უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება;
- მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია;
- შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
- მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
- ეკოლოგიური საკითხების მოგვარება.
7 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.
მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.
განცხადების მიხედვით, შესწავლამ გამოავლინა შემდეგი ფაქტორები:
- მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;
- მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
- შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით;
- ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია.