ჩვენ არ ვართ ჯერ გადარჩენილები – სალომე ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეაფასა. მისი თქმით, ქვეყანა ჯერ კრიზისის შუაგულშია, ამიტომ ყველა სახლში უნდა დარჩეს.

„ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველა მოქალაქემ, ძალიან დიდი მაგალითი მოგვცა ამ დღეებში იმისი, თუ როგორ შეიძლება მოვიქცეთ. გონივრული ნაბიჯები ჩვენი ექიმების მხრიდან, ჩვენი მთავრობის მიერ დროულად გადადგმული ნაბიჯები, თვითშეგნება, რომელიც გამოჩენილი იყო მთელი საზოგადოების მიერ – ეს არის ის, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა და აღნიშნა, მაგრამ ჯერ ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, არ დასრულებულა.

ჩვენ ვართ ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გადარჩენილი ვართ. არ ვართ ჯერ გადარჩენილი. ეს მოითხოვს ჩვენგან ჯერ კიდევ ბევრ მოთმინებას, ბევრ გონიერ ნაბიჯს და მოითხოვს ჩვენგან, რომ ჯერ კიდევ სახლში დავრჩეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში სოლიდარობაა.

„ჭირში სოლიდარობა ყოველთვის იყო ჩვენი კულტურისა და ღირებულებების ერთ-ერთი მაჩვენებელი და დამახასიათებელი. ის სოლიდარობა, რაც დღეს გამოვიჩინეთ არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.