ჯარსა და პოლიციაში ტესტირება და თერმოსკირინინგი მუდმივად მიმდინარეობს - ტიკარაძე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა მიზნობრივ ჯგუფებში ტესტირებას, კერძოდ, ჯარისა და პოლიციის ტესტირებას ეხებოდა.

„დავიწყებ ჟურნალისტებით, ამ ეტაპზე სოციალური დისტანცირება ჟურნალისტებთან კარგად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ამ ჯგუფში [ტესტირება, ვისაც სჭირდება] არ მოიაზრებიან და თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხსაც განვიხილავთ. რაც შეეხება ჯარს და პოლიციას, ჯარსა და პოლიციაში ტესტირება და თერმოსკირინინგი და დაკვირვება მუდმივად მიმდინარეობს და როგორც ექიმებში, ასევე ჯარსა და პოლიციაში საჭიროების შემთხვევაში მათი ტესტირება და სკრინინგი გაგრძელდება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აპრილის დასაწყისში სამინისტრომ კორონავირუსის დიაგნოსტირების ახალი პროტოკოლი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ის რისკჯგუფები, რომლებშიც ვირუსზე პერიოდული ტესტირება  უნდა ჩატარდეს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ჩამოთვლილი ჯგუფებიდან ტესტირება ტარდებოდა მედიკოსებში და ისიც ნაწილობრივ. დღეს მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით კი ირკვევა, რომ, სავარაუდოდ, ტესტირება ტარდება ჯარსა და პოლიციაში.

რაც შეეხება ახალ ალგორითმს და რისკჯგუფებს.  პროტოკოლში საუბარია იმ რისკჯგუფებზე, რომლებიც უნდა დაექვემდებარონ ტესტირებას და ასევე იმაზე –  რომელი ჯგუფისთვის რომელი ტესტის გამოყენებაა მიზანშეწონილი.

ჩამონათვალში არიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოჩენისთანავე უტარდებოდათ ტესტირება, ეს არის მაღალი რისკის ჯგუფის კონტიგენტი. დეტალური აღწერა იხილეთ ამ ბმულზე.

სიახლეა ის, რომ ჩამონათვალში გაჩნდნენ შემდეგი ჯგუფები: მედპერსონალი; ასევე – ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები; პენიტენციურ დაწესებულებებსა და ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფი პირები; თავდაცვის ძალები; სტაციონარულ ფსიქიატრიული დაწესებულებებში მყოფი პირები;  საეკლესიო პირები; მონასტრები და სხვა.

ვრცლად კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმზე წაიკითხეთ ამ ბმულზე.