ახობაძემ დაასახელა პოლიციელი, რომელიც მისი თქმით, ნარკოტიკის „ჩადების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა"

პუბლიკა

10 მაისის სასამართლო სხდომაზე სინდისის პატიმარმა გიორგი ახობაძემ დაასახელა პოლიციელი, რომელიც მისი თქმით, ნარკოტიკის „ჩადების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა”.

„რაც შეეხება ჩადებას, ეს პიროვნება, რომელიც მე სახეზე მახსოვდა, მე არ ვიცოდი ვინ იყო, რა სახელი და გვარი ჰქონდა, ვიცოდი, სად მუშაობდა და რომელი ოთახი იყო მისი, იმიტომ, რომ რომ მიმიყვანეს განყოფილებაში, დავინახე, სადაც იჯდა, კარი ღია ჰქონდა და იცინოდა, გახარებული იყო, რომ ეს სპეცოპერაცია წარმატებით ჩააბარა.

მოკლედ, ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა და პირველი ფიზიკური კონტაქტი ჩემთან შედგა გიორგი გურეშიძის. გიორგი გურეშიძე რომ იყო, გავიგე იქიდან, რომ ამოსაცნობად სამმართველოს უფროსების ფოტოები მაქვს და ერთ-ერთი აღმოჩნდა ბატონი გიორგი გურეშიძე, რომელსაც მათ შორის, რასაც „გამოძიება” მალავს, იმ მომენტში, როცა მე მასთან საპროტესტო საუბარში ვიყავი, რომ „რას აკეთებთ”, მის ტელეფონზე შემოვიდა ზარი, ამოვიკითხე სახელი და გვარი, რომელიც არაფერს მეუბნებოდა გუშინდელ დღემდე, როცა საკადრო ცვლილებები მოხდა, ლევან მაისურაძე – ლევან მაისურაძის ზარი იყო შემოსული გურეშიძის ტელეფონზე, როგორც ჩანს, მან გადაამოწმა მის დაქვემდებარებაში მყოფებმა ეფექტიანად შეასრულეს თუ არა დავალება, რაც მიცემული ჰქონდა. მისი სატელეფონო ზარი გურეშიძესთან შედგა ჩემს თვალწინ”, – თქვა მან პროცესზე.

11 მაისის სხდომაზე კი მან თქვა, რომ ჩამოართვეს რვეული, სადაც მოწმეების ჩვენებებიდან ინფორმაციებს ინიშნავდა, ასევე, სხვადასხვა წარწერას აკეთებდა პროცესზე.

ის ვარაუდობს, რომ ეს უკავშირდება მის მიერ წარწერების გაკეთებას, ან გუშინ პროცესზე იმ პიროვნების ვინაობის დასახელებას, რომელმაც მისი თქმით, ნარკოტიკი ჩაუდო. ახობაძემ აღნიშნა, რომ სხვა პროცესებზეც გაუკეთებია წარწერები, თუმცა იმ შემთხვევებს რეაგირება არ მოჰყოლია და მათგან განსხვავებით, გუშინ მან გააჟღერა გიორგი გურეშიძის სახელი.

„გუშინ პსპ-ს გადაღებული ფილმი, რომელშიც ანდროს ხმა არის: „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ”, ეს წარწერა მქონდა და დამატებით რაც შეიცვალა, მთავარი კრიმინალი, რუსეთზე მიყიდული ყოფილი პოლიციელი გურეშიძის ფოტო, რომელიც გამომძიებელთან ამოვიცანი…. ციხის თანამშრომლებთან არ მაქვს პრეტენზია, მათ საერთოდ არასდროს არ უხლიათ ხელი ჩემი რვეულისთვის. დღეს რომ გამოვდიოდი, აი, იმ წარწერების გამო, თუ საერთოდ იმის გამო, რომ რვეული ხელში აღარ მჭეროდა, სავარაუდოდ, ან შმაგიმ [გობეჯიშვილი], იმიტომ, რომ მას აქვს ეს უფლებამოსილება, რომ შეზღუდვები დამიწესოს, ან თვითონ გურეშიძემ, რომელიც ეტყობა, სიჩუმეში რომ იჯდა და ამ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ნარკოტიკის ჩადებასთან არის, პირდაპირ, გამომდინარე მისი სტატუსიდან, სამმართველოს უფროსია, ყველაზე უფროსია მაგ საქმეში ყველას კურატორი ეგ იყო და როგორც ჩანს, ასე ჩრდილში იჯდა, არც სანქციები შეეხო და ძალიან წყნარად გრძნობდა თავს, როგორც კი გამომზეურდა მისი პიროვნება, ეტყობა, რაღაც დირექტივები მივიდა ციხეში, იმიტომ, რომ სამი თუ ოთხი პროცესია ეს რვეული დამაქვს და არასდროს პრობლემა არ შექმნილა.

ეს რვეული მე მჭირდება, იმიტომ, რომ ჩანიშნული მაქვს სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის მოწმეების გაჟღერებული ინფორმაციები და შედარება მჭირდება. ციხეში [ჩამომართვეს].

[…] თუ გურეშიძეს ასე ძალიან შესტკივა იმაზე, რომ მისი სახელი გამომზეურდა, მოდი, კეთილი ინებოს, მოვიდეს სასამართლოში მოწმის სახით, მოიტანოს თავისი ტელეფონის გეოლოკაცია, სად იმყოფებოდა 7-დან 8 დეკემბრის ღამეს და თუ მე რამე ტყუილს ვიძახი, გავჩუმდები… თუ ასე ანერვიულებს, თუ ძალიან შეწუხდა ციხეში დარეკა, რვეული წაართმევინა და ასე შემდეგ, არ ვიცი მან ქნა თუ გობეჯიშვილმა, გამოვიდეს, 7-დან 8 დეკემბრის ღამეს, სად იმყოფებოდა.”, – განაცხადა გიორგი ახობაძემ.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გიორგი ახობაძის 11 მაისის პროცესი სრულად დახურა, მათ შორს, დარბაზი დაატოვებინა ჟურნალისტებს.