„ციხის თანამშრომლების მიერ ფიზიკური ძალადობის გამო” ადვოკატმა დღევანდელ პროცესზე ანტონ ჩეჩინის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
მისი თქმით, 6 ივნისს პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა ანტონ ჩეჩინის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფა, ასევე მუქარა, რაც ადვოკატის თქმით, ჩეჩინის მიმართ მტრული და არასასურველი გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად.
„გამომდინარე აქედან მიგვაჩნია, რომ ანტონ ჩეჩინის პატიმრობაში დატოვება მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარეც მათ შორის არ არის მიზანშეწონილი და გამომდინარე აქედან მოგმართავთ შუამდგომლობით, რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალოს გირაოს სახით“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ.
მან დღევანდელ პროცესზე მტკიცებულების სახით ასევე წარადგინა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლეული დოკუმენტები, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ – ჩეჩინს ემჩნევა ძალადობის კვალი, აქვს სილურჯეები, ჰქონდა მკლავის არეში ტკივილი, გაუკეთდა ტკივილგამაყუჩებელი ნემსიც [სასამართლომ ეს დოკუმენტები ცნობის სახით მიიღო].
პროკურორი გამოყენებული პატიმრობის შეცვლის წინააღმდეგი იყო. მისი თქმით, თუ ამგვარ ფაქტებს ადგილი ჰქონდა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
მოსამართლის თქმით, წარმოდგენილ დოკუმენტებს სჭირდება სათანადო კვლევა, დადასტურება ან უარყოფა, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. მისი თქმით, ბრალდებულის მიერ აღწერილ ინციდენტს სასამართლო როგორც დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებად ვერ მიიჩნევს. აღნიშნული გარემოებების გამო მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.
ადვოკატის ცნობით, საკითხის შესასწავლად ამ ეტაპზე [16.06.2025] სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაწყებული არაა.
რას ამბობს ანტონ ჩეჩინი მომხდარზე? – გთავაზობთ მის წერილს:
„მე ვარ ჩენინი, ანტონ დიმიტრის ძე. 06.06.25-ში ვითხოვე არამწეველების კამერაში გადასვლა. ამის შესახებ ვთხოვე ციხის თანამშრომლებს. დაახლოებით 19.00 საათის შემდეგ მოვიდნენ უსაფრთხოების თანამშრომლები.
მე ვუთხარი, რომ ეს ინფორმაცია გადაეცათ ციხის დირექტორისთვის. მათ მიპასუხეს, რომ დირექტორი არ იყო, რის შემდეგაც მათ დაიწყეს ჩემთვის ხელების გადამტვრევა და მიზეზების აუხსნელად ცდილობდნენ კამერიდან ჩემს გამოყვანას.
დაახლობით 5-6-მა თანამშრომელმა კამერიდან ძალის გამოყენებით გამომიყვანა. შეშინებული ვიყავი და არ ვიცოდი ამ ქმედებების მიზეზი.
მას შემდეგ, რაც გამომიყვანეს კამერიდან დამიწყეს ყვირილი და შეურაცხყოფის მოყენება რუსულ და ქართულ ენებზე. შემდეგ მაყენებდნენ ტკივილს და მემუქრებოდნენ, რომ თუ არ გავჩუმდებოდი, კიდევ უფრო მეტ ტკივილს მომაყენებდნენ.
მე თანამშრომლებს შევატყობინე იმის შესახებ, რომ თავში მქონდა სიმსივნური წარმონაქმნი და ტკივილი გულისა და ხელების არეში და მინდოდა, რომ ექიმს გავესინჯე.
მათ არავითარი რეაქცია არ ჰქონიათ ჩემს თხოვნაზე. ამის შემდეგ წამიყვანეს კარცერში, სადაც გავატარე დაახლოებით 2 საათი.
დაახლოებით 22.00-ზე მე წამიყვანეს მედდასთან. მან გამსინჯა, მომცა წამალი და უთხრა, გაეკეთებინათ გამაყუჩებელი, რადგან მქონდა ძლიერი ტკივილი.
ხელებზე მქონდა ბევრი ჰემატომა და ჩალურჯება, ასევე მქონდა ტკივილი სახსრების არეში. ვიცი, რომ რუსეთშიც ციხის თანამშრომლები ამგვარად არღვევენ პატიმრის უფლებებს, რაც მე თვითონ ვნახე დაკავებისას. მინდა, რომ საქართველოში პატიმრები თავიანთ უფლებებს იცავდნენ”, – წერია ანტონ ჩეჩინის წერილში