ავტორიტარული კანონების აღსრულება ჩვენს მიმართაც დაიწყო - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ 19 ივნისს ჩაბარდათ სასამართლოს ბრძანება, რომლითაც ეცნობათ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო და ის სასამართლოსგან ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით შეუზღუდავი ინფორმაციის მიღებას ითხოვს.

მათივე ცნობით, მოთხოვნა შეეხება 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ სრულ სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებს, უფლებადაცვითი და იურიდიული დახმარების პირობებში ორგანიზაციის ბენეფიციარებისთვის გაწეული მხარდაჭერის ამსახველ სრულ ინფორმაციას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო ორგანიზაციისგან ინფორმაციას „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონების საფუძველზე ითხოვს.

„სასამართლოს ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს დასახელებულ პერიოდში ყველა ტიპის ინფორმაციას და არ ადგენს შემოწმების მიზანზე დაფუძნებულ საზღვრებს და ფარგლებს. ამავდროულად, მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოუდგენლად ვრცელ მონაცემებს მოიცავს და პრაქტიკულად სახელმწიფოს სრულ და ტოტალურ კონტროლს უქვემდებარებს ჩვენს საქმიანობას. მოთხოვნილი ინფორმაცია ასევე ვრცელდება ბენეფიციარების პირად ინფორმაციაზე, ორგანიზაციულ კორესპონდენციებსა და მიმოწერებზე, რაც ჩვენს საადვოკატო და უფლებადაცვით საქმიანობაში უხეში და უკანონო ჩარევაა.

გუშინ, 18 ივნისს, ანტიკორუფციული ბიუროს ბრიფინგზე, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია მიმართულია გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ და ამ პროცესში სრულად არის უზრუნველყოფილი პროფესიული და პერსონალური ინფორმაციის დაცულობა. გვსურს, ხაზგასმით განვმარტოთ, რომ ეს განცხადება დეზინფორმაციულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილი მოთხოვნის მსგავსად, ანტიკორუფციული ბიურო ჩვენგანაც პირდაპირ ითხოვს ბენეფიციარების პირად ინფორმაციას.

ჩვენთვის აშკარაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, სამართალწარმოების პროცესის დაწყება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და წარმოადგენს დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობას და მიზნად ისახავს ჩვენს პარალიზებას და გაჩუმებას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ აპირებს გაჩერებას და ამავდროულად გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას, საკუთარი და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. ამასთან, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი შრომა და ბრძოლა ადამიანის უფლებების, სოციალური კეთილდღეობისა და დემოკრატიის დასაცავად გაგრძელდეს.

ამავდროულად, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საადვოკატო და უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში მიღებულ პროფესიულ საიდუმლოებას და არ გავამხელთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ასობით ადამიანის, მათ შორის, ქალების, ბავშვების, შშმ პირების, მშრომელების, ქვიარების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, უცხოელების, გარემოსდამცველების, პატიმრების, სასულიერო პირების პირად ცხოვრებას“, – აცხადებს ორგანიზაცია.