მედია: აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

პუბლიკა

აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, 2024 წელს აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავზე სარაკეტო დარტყმის ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა.

შედეგად – ავიაკატასტროფას 38 მგზავრი ემსხვერპლა, 29 კი დაშავდა.

Minival ამბობს, რომ მოიპოვეს აუდიოჩანაწერი და წერილი, რომელიც შეიცავს განცხადებას და ხელმოწერილია, სავარაუდოდ, კაპიტან დიმიტრი სერგეევიჩ პალადიჩუკის მიერ.

წერილის მიხედვით, პალადიჩუკი რაკეტის გაშვებისას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირდაპირი ბრძანებით მოქმედებდა.

გამოცემა ავრცელებს აუდიოჩანაწერსაც, რომელშიც ისმის, თუ როგორ გასცემენ რაკეტის გაშვების ბრძანებას 2024 წლის 25 დეკემბერს.

ჩანაწერში ისმის: „ცეცხლი! ცეცხლი-მეთქი! რაკეტა გაეშვა… რაკეტა ასცდა… კიდევ ერთხელ, ცეცხლი!“

გამოცემის თანახმად წერილში წერია:

„პოტენციური სამიზნე 08:11 საათზე დაფიქსირდა და რადარის გამოყენებით თვალყურს ადევნებდნენ. როგორც იტყობინებიან, ობიექტზე ორი რაკეტა გაისროლეს მას შემდეგ, რაც პალადიჩუკს ტელეფონით მისი განადგურების ინსტრუქცია მიეცა.

წერილობით ახსნა-განმარტებაში დეტალურად იყო მოცემული სამიზნის კოორდინატები, სიჩქარე და მიმართულებები ორივე რაკეტის გაშვების დროს. ნათქვამია, რომ პირველი რაკეტა ასცდა, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, საკმარისად ახლოს აფეთქდა, რომ ნამსხვრევები თვითმფრინავს მოხვედროდა“, – იუწყება Minival-ი.

ავიაკატასტროფის დღეს აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებმა Euronews-ს განუცხადეს, რომ გროზნოს თავზე დრონების აქტივობისას თვითმფრინავს რუსული რაკეტა ესროლეს.

იმავე წყაროების ცნობით, დაზიანებულ თვითმფრინავს რუსეთის არცერთ აეროპორტში არ მისცეს დაშვების უფლება, მიუხედავად პილოტების მოთხოვნისა.

ავიაკატასტროფიდან სამი დღის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა: „სრული სიცხადით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო (…) ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს განზრახ გაკეთდა, მაგრამ ეს გაკეთდა“.

მაშინ ალიევმა თქვა, რომ ბაქომ რუსეთს სამი მოთხოვნა წაუყენა კატასტროფასთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, რუსულმა მხარემ ბოდიში უნდა მოუხადოს აზერბაიჯანს. მეორე, აღიაროს თავისი დანაშაული. მესამე, დამნაშავეები დაისაჯონ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ და კომპენსაცია გადაუხადონ აზერბაიჯანის სახელმწიფოს, დაშავებულ მგზავრებს და ეკიპაჟის წევრებს“, – აღნიშნა ალიევმა.

ალიევმა თქვა, რომ პირველი მოთხოვნა „უკვე შესრულდა“, როდესაც პუტინმა მას ბოდიში მოუხადა 28 დეკემბერს.

პუტინმა კატასტროფას „ტრაგიკული ინციდენტი“ უწოდა, თუმცამას არ უღიარებია მოსკოვის პასუხისმგებლობა.


აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ავიაკატასტროფის გამო დეკებრიდან დაძაბული იყო.

აღსანიშნავია, რომ ილჰამ ალიევი 9 მაისს მოსკოვში, წითელი მოედნის აღლუმზე დასაწრებად არ ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მის ვიზიტზე რუსული მედია ცნობებს ავრცელებდა.

თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთმა ურალის მთებში მდებარე ინდუსტრიულ ქალაქში მცხოვრები აზერბაიჯანელების სახლებში რეიდი მოაწყო.

დაიღუპა ორი აზერბაიჯანელი, რამდენიმე მძიმედ დაშავდა, ხოლო ცხრა დააკავეს.

დაღუპულები არიან ძმები ზიადინ და ჰუსეინ საფაროვები.

მათმა ძმამ აზერბაიჯანის საზოგადოებრივ მაუწყებელ ITV-ს განუცხადა, რომ კაცები წამებით დახოცეს „ყოველგვარი სასამართლო პროცესისა და გამოძიების გარეშე, მათი უდანაშაულობის მიუხედავად“.

შედეგად, აზერბაიჯანის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის დაგეგმილი ვიზიტი გაუქმდებოდა.

ასევე, მთავრობამ ბაქოში რუსეთის საელჩოს დროებით რწმუნებული, პიოტრ ვოლოკოვიხი დაიბარა და სრული გამოძიება და პასუხისმგებელი პირების სისხლისსამართლებრივი დევნა მოითხოვა.

ასევე, 30 ივნისს ბაქოში რუსული მედია Sputnik-ის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. დააკავეს ორი პირი FSB-ს თანამშრომლობის ბრალდებით.

Sputnik Azerbaijan, რომელიც რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული ქსელის, Russia Segodnya-ს ნაწილია, აზერბაიჯანში ოფიციალურად შეჩერებული იყო – საინფორმაციო გამოცემა Qafqazinfo-ს ცნობით, აკრძალვის მიუხედავად, ოფისი აქტიურად განაგრძობდა მუშაობას.

Sputnik-მა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულები იყვნენ აზერბაიჯანის რედაქციის ხელმძღვანელი, იგორ კარტავიხი, მთავარი რედაქტორი, ევგენი ბელუსოვი და კიდევ 5 ადამიანი.