თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა გიორგი მინდაძემაც. როგორც მან თქვა, მისთვის შეფარდებულ სასჯელს მნიშვნელობა არ აქვს და საზოგადოებას სხვა სინდისის პატიმრების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„მოგახსენებთ, რომ ამ შედეგს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი კარგად ყოფნა და უსაფრთხოება, ამიტომ ნებისმიერი შედეგის გამოცხადების შემთხვევაში, გთხოვთ, მშვიდად და წყნარად შეხვდეთ განაჩენს. ნუ დატოვებთ ბიჭებს მხარდამჭერების გარეშე დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილებით.
ბიჭების 99% თვლის, რომ „ლელომ“ არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა…
ჩვენ არავის ვივიწყებთ და საკუთარ ბედს თვითონ გადავწყვეტთ“, – მიმართა მინდაძემ დარბაზს.
გიორგი მინდაძეს გდდ-ის თანამშრომლისთვის პიროტექნიკის სროლას ედავებოდნენ, რითიც მას, ბრალდების პოზიციით, ფეხზე დამწვრობა მიადგა.
პროკურატურამ გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.