ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ფაქტობრივად, ტერმინალური - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში 57 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 8 რეანიმაციულ განყოფილებაშია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 57 ინფიცირებული პაციენტი გვყავს, რეანიმაციაში – 8. მათგან სამი გახლავთ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი 5 პაციენტი არის სპონტანურ სუნთქვაზე. იმ სამიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ფაქტობრივად, ტერმინალურია, დანარჩენ ორთან მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ვიტალური პარამეტრები.

რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, მინდა, გითხრათ, რომ, ფაქტობრივად, სახეზეა მწვავ ფილტვის დაზიანების სინდრომი, მწვავე გულის დაზიანების სინდრომი, მწვავე  თირკმლის დაზიანების სინდრომი, მწვავე ნაღვლის დაზიანების სინდრომი, რაც მიუთითებს, რომ არის მულტიორგანული უკმარისობა, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, კლინიკაში ორი ორსული პაციენტია, მათგან ერთზე პირველადი კვლევით უარყოფითი პასუხი მოვიდა, რადგან 14-დღიანი ვადა გავიდა. რატიანის თქმით, განმეორებითი კვლევისას თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ბინაზე გაეწერება.