გდდ-ის უფროსის მოადგილემ, სანქცირებულმა მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სანქცირებულმა მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ მან თანამდებობა „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ დატოვა.

მილერი ლაგაზაური ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული. მას სანქციები დაუწესეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც.

ბრიტანეთის მიერ 2024 წლის 19 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასანქცირებული შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად.

ლაგაზაური შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.


6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა სანქცირებულმა მირზა კეზევაძემაც, რომელიც ასევე გდდ-ის უფროსის მოადგილე იყო. პოსტიდან წავიდა იოსებ მარგველაშვილიც.

იქამდე, 10 ივნისს კი ზვიად ხარაზიშვილმა (ხარება) დატოვა თანამდებობა – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორად კი რომან ქარცივაძე დაინიშნა.