აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ერთმანეთს ხვალ, 10 ივლისს აბუ-დაბიში შეხვდებიან.
„აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ორმხრივი შეხვედრა 10 ივლისს, აბუ-დაბიში გაიმართება”, – წერია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
აშშ-ში მომუშავე ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „მარკო რუბიომ პირველად მიანიშნა, რომ „იმედია, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული”.
სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე 2025 წლის 13 მარტს შეთანხმდნენ. თუმცა, ხელი ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ მოუწერია.
დოკუმენტის სახელწოდებაა „შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“.