მოსამართლე ირაკლი აფშილავამ ზუგდიდელ აქტივისტ როსტევან ზარანდიას მერიის თანამშრომელ მაგდალინა თოდუასთვის FB კომენტარში „ფოჩოს” და „ტვენგეს” [„სულელი”] წოდების გამო 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
აქტივისტი მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ როსტევან ზარანდიას სასამართლო პროცესიდან გააძევეს. მანამდე კი მოსამართლე ირაკლი აფშილავამ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მაგდალინა თოდუას გამოკითხვაზე. ასევე, არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ლინგვისტის ან მეგრული ენის თარჯიმნის მოწვევაზე, რომელიც განმარტავდა, რას ნიშნავს როსტოს მიერ კომენტარში დაწერილი კომენტარი: „ფოჩო, ტვენგე“.
მარიამ სიჭინავას თქმით, თოდუას და ზარანდიას მანამდე 10-წლიანი მეგობრობა აკავშირებდათ.
მაგდალინა თოდუა ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელია და ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ზუგდიდის მერიის FB გვერდს მართავს.
როსტო ზარანდიამ კომენტარი 9 აპრილს სწორედ მერიის გვერდზე დაწერა.
ამ დღეს პოლიცია ზუგდიდში აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა.
კერძოდ, 9 აპრილის მემორიალთან მყოფ მოქალაქეებთან პოლიცია მივიდა და იქ შეკრებილების დაშლა დაიწყო, იმ საბაბით, რომ სასულიერო პირებს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი უნდა გადაეხადათ.
მიუხედავად იმისა, რომ შეკრებილი მოქალაქეები კანონს არ არღვევდნენ და პარაკლისზე დასწრების სურვილიც გამოთქვეს, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
ძალადობის შემდეგ ზუგდიდის მერიამ გამოაქვეყნა 9 აპრილის მემორიალთან ზუგდიდის თანამშრომლების მისვლის ფოტოები.
„ჩვენი დროშები: ევროკავშირის, აშშ-ის, უკრაინის – მოხსნეს, მაგრამ ამ ფოტოებში მაინც გამოუჩნდათ. სწორედ ამის გამო დაწერა როსტომ კომენტარი: „მაგდალინა, სი ფოჩო, ტვენგე” [„მაგდალინა, შე სულელო]”, – გვეუბნება აქვისტი ცაბუნია ვართაგავა.
2025 წლის ივნისში „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული „უბინძურესი“ პოსტების გამო უჩივლა. „ოცნებამ“ შსს-ში საჩივარი შეიტანა, რომლის მიზნადაც დასახელდა ის, რომ „მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება“. სარჩელის საფუძველზე ჟურნალისტები და აქტივისტები სასამართლომ 3000 და 4000 ლარით დააჯარიმა.
24 ივნისს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მოქალაქე 2500 ლარით სოციალურ ქსელში შსს-ის იურისტ თამთა ქიმბარიშვილზე დაწერილი კომენტარის გამო დააჯარიმა.
კანონი, რომლითაც აქტივისტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს აჯარიმებენ, „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის თებერვალში მიიღო – „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და დაემატა 17316_ე მუხლი – სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის „სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა – 60 დღემდე.