შსს: ბოლო ერთ კვირაში ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო კვირაში ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა.

შსს-ისვე განცხადებით, 23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, თუმცა, ისინი ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა. აქედან, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240 პირს, რომელთა საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნილია სასამართლოში. ამასთან, 23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები, რადგან ეს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით არის გათვალისწინებული”. – წერს უწყება.

პოლიციელებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს და აქტივისტს მოსთხოვეს ნარკოტესტის ჩაბარება.

თუმცა, შსს ირწმუნება, რომ ცრუ კამპანიაა, თითქოს პოლიცია „მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ან რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებს ამოწმებს”.

„შემოწმებული პირებიდან პოლიციელი ვერც გამოარჩევს და ვერც გამორიცხავს ადამიანს პოლიტიკური შეხედულების მიხედვით, რაც, თავის მხრივ, არავისთვის წარმოადგენს ინდულგენციას”. – წერს შსს.