ხაშურის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელი ჩორჩანა ბოლო დროს აქტუალურ საკითხად იქცა. უფრო სწორად, „ქართულმა ოცნებამ“ აქცია. პარტიის ლიდერები ჩორჩანის საგუშაგოს დადგმიდან 6 წლის შემდეგ მოულოდნელად ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას დაუპირისპირდნენ.
ჩორჩანის საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით ამჟამად გამოკითხვები მიმდინარეობს პროკურატურაშიც. „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებმაც საგუშაგოს დადგმიდან მალევე გახარია პრემიერად აირჩიეს, ახლა მას ტერიტორიის დაკარგვაში ადანაშაულებენ.
„ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებების გამო, 2019 წელს ცხინვალთან ვითარება დაიძაბა და საოკუპაციო ძალებმა სოფელ ჩორჩანის სიახლოვეს „მცოცავი ოკუპაციით“, დაახლოებით, 100 ჰექტარი ტერიტორია მიიტაცეს.
გიორგი გახარია საპასუხოდ აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი მოქმედებებით, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ იმ ტერიტორიის უმეტესი ნაწილის დაცვა შეძლო, რომლის მისათვისებლადაც საოკუპაციო ძალები უკვე აქტიურ ნაბიჯებს დგამდნენ. ამბობს, რომ მხოლოდ ჩორჩანის არეალში 1800 ჰექტარი ტყის ოკუპაციის რისკი იყო და ახლაც დარწმუნებულია, რომ საგუშაგოს დადგმა სწორი გადაწყვეტილება იყო.
გახარიას თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩორჩანის საგუშაგოს დადგმითა და იმ ტერიტორიის დაცვით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ საოკუპაციო რეჟიმს არ მისცა შესაძლებლობა, ფორმალურადაც შეეცვალა საოკუპაციო ხაზი, რაც საქართველოსთვის სახიფათო პრეცედენტს შექმნიდა, რადგან ცხინვალი კიდევ არაერთ ადგილზე აცხადებდა ტერიტორიულ პრეტენზიას.
იმ ტერიტორიის დაკარგვაში კი, სადაც ოკუპანტებმა საგუშაგოები დადგეს, გიორგი გახარია „ოცნების“ ბრალეულობას ხედავს.
რა მოხდა ჩორჩანაში, რატომ დაიდგა საგუშაგო და რა შედეგი მივიღეთ? შეიძლებოდა თუ არა ჩორჩანის ტყის დაცვა საგუშაგოს გარეშე, მხოლოდ პატრულირებით? ამ სტატიაში აგიხსნით, შეიცვალა თუ არა საოკუპაციო ხაზი და შეძლო თუ არა საქართველომ მაშინ მცოცავი ოკუპაციის შეჩერება.
რა მოხდა?
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2018 წლიდან ახალი ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენება დაიწყო. მაშინ ოკუპირებულ რეგიონში შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საბჭოთა ავტონომიური ოლქის საზღვრების ნაცვლად სხვა, 1920-იანი წლების რუკით ეხელმძღვანელათ. ამ რუკის მიხედვით, ოკუპირებული რეგიონის საზღვრები არაერთ ადგილას უნდა გაზრდილიყო – რაჭაში, თრუსოს ხეობაში…
როგორც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, იხსენებს, საუბარი იყო 28 სხვადასხვა ადგილზე. მათ შორის იყო ხაშურის რაიონის, სოფელ ჩორჩანის გარშემო არსებული ტყეც.

ეს ტერიტორია აღმოჩნდა პირველი, რომელზეც ცხინვალში აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ჩორჩანის ტყის დაკავება საჭირო იყო მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამოც. იქ საბჭოთა პერიოდში ტალკის საბადოებს იყენებდნენ.
ჩორჩანის მიმართულებით საოკუპაციო ძალები მალევე გააქტიურდნენ. ვრცელდებოდა ცნობები ტყეში ადგილობრივების დაკავებაზე. ანტისაოკუპაციო მოძრაობაც – „ძალა ერთობაშია“ – 2019 წლის დასაწყისიდან ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ჩორჩანის ტყეში ხეებზე ფერადი მონიშვნები გაჩნდა, რაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ „ბორდერიზაციად“ შეაფასა.
ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა, რომელიც კონფლიქტებს აშუქებს, იმ პერიოდში მუშაობდა ჩორჩანაში. ის „პუბლიკასთან“ იხსენებს, რა ვითარება იყო სოფელში 2019 წლის დასაწყისში.
„ჩავდივართ, რომ ჩვენი თვალით ვნახოთ და ვხვდებით ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებსაც ვეკითხებით არსებული მდგომარეობის შესახებ. მონიშვნებია გაკეთებული ტყის მასივში, მწვანე მასივში. ამ მწვანე მასივს, ძირითადად, შეშისთვის იყენებდნენ. მოკლედ, სეზონურად რისი შესაძლებლობაც იქნებოდა – ყვავილები გაზაფხულზე, ჯონჯოლი სხვა დროს, ტყე კიდევ შეშისთვის, როგორც წესი.
ხალხი იყო, რა თქმა უნდა, დაუცველი. მოქალაქეები ამას განიცდიდნენ. ვინც ჩაწერაზე დაგვთანხმდა (ჩანაწერიც არის), საუბრობდნენ ამაზე, რომ მონიშვნებია გაკეთებული და შესაძლოა, საერთოდ გათბობის, შემოსავლის გარეშე დარჩენილიყვნენ. ეს იყო მოსახლეობის წუხილი იმასთან ერთად, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოება დგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ“, – ჰყვება გიორგი ცხვიტავა.
როგორც დღეს გიორგი გახარია ამბობს, აშკარა იყო, რომ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება პრეტენზიების წამოყენების შემდეგ ამ ტერიტორიის მისათვისებლად ემზადებოდა, ჩორჩანის ტყის დაკარგვით კი აქამდე არსებული საოკუპაციო ხაზის შეცვლის პრეცედენტს დავუშვებდით.
გახარია იხსენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დასწრების პრინციპით, ტერიტორია გაემაგრებინა. მანამდე ქართველ სამართალდამცველებს გაუვალ ტყეში პატრულირება უჭირდათ.
ამიტომ ჩორჩანის ტყეში გზა გაიყვანეს და ოკუპირებულ სოფელ წნელისთან, ტალკის ქარხნის სიახლოვეს, საგუშაგო ჩადგეს. გზის მშენებლობა 5 თვე გრძელდებოდა, საგუშაგო 30 აგვისტოს გაიხსნა.
საგუშაგოს გახსნას ცხინვალის გაღიზიანება მოჰყვა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ წნელისთან ჯავშანტექნიკა გადაისროლა და წამოაყენა ულტიმატუმი, რომ საგუშაგო დაშლილიყო. საქართველოს ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა არ შეასრულა. ცხინვალის ულტიმატუმი ულტიმატუმად დარჩა – დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.
მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, ჩორჩანასთან ახლოს, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდნენ და სოფელ წაღვლის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზიდან 1,5 კილომეტრის სიღრმეში დადგეს საგუშაგო. შედეგად, როგორც „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, საოკუპაციო ძალებმა დაახლოებით, 100 ჰექტარ ტერიტორიაზე შეძლეს კონტროლის მოპოვება.
მოსკოვი და ცხინვალი ჩორჩანის საგუშაგოს აღებას მომდევნო თვეებშიც მოითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. დღეს ჩორჩანის სიახლოვეს ისევ დგას ქართული საგუშაგო და ტყის უდიდესი ნაწილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ რჩება.
საბოლოოდ, როგორი შედეგი დადგა საგუშაგოს ჩადგმით?
როგორც გიორგი გახარია ამბობს, საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ არა მარტო შეინარჩუნა იმ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, არამედ არ დაუშვა საოკუპაციო ძალების მიერ ახალი რუკით ახალი საოკუპაციო ხაზის გავლების პრეცედენტი.
ანუ, რომ შევაჯამოთ, საქართველოს ხელისუფლების მიღწევები, გახარიას მიხედვით, ასეთია:
- არ დავუშვით პრეცედენტი, რომ ცხინვალს გამოეყენებინა ახალი რუკა, რომელიც მათ დამატებით ტერიტორიებზე – კიდევ 27 ადგილას მისცემდა ტერიტორიული პრეტენზიის წამოყენების საშუალებას;
- საქართველომ შეინარჩუნა 1800-დან 1700 ჰექტარი ტყის მასივი და ტალკის საბადოები;
- ჩორჩანის ტყეში დღემდე დგას საგუშაგო, პატრულირებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი;
- ამ ყველაფერს არ მოჰყოლია კიდევ ერთი ომი.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მედიაში 2019 წლით დათარიღებული მათი არაერთი კომენტარი შეგხვდებათ, რომლებითაც ისინი ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას ამართლებდნენ.
„ჩვენ ყველას ვაყენებთ საქმის კურსში, რომ ადგილზე გაეცნონ მიმდინარე მოვლენებს და შეაფასონ ადგილზე სიტუაცია. დაწყებულ საქმეს მივიყვანთ ისე, როგორც საჭიროა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის“, – ამბობდა ანრი ოხანაშვილი.
„რამდენჯერმე მოხდა ასეთი მუქარის გამეორება – „ამას გადმოვწევთ“, „ცეცხლს გავხსნით“… ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, თუ გახსნიან კიდევ, პასუხს გავცემთ, რა თქმა უნდა, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიები რომ დავიცვათ და ჩვენი მოსახლეობა“, – ასე ეხმაურებოდა ვახტანგ გომელაური საოკუპაციო ძალების მუქარას.
საგუშაგოს გახსნიდან მალე გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დანიშნეს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის სიის პირველი ნომერი იყო და გუნდის მხარდაჭერით სარგებლობდა.
„ჩვენ ვასახელებთ მომავალ პრემიერ-მინისტრს. ადამიანს, რომელსაც საუკეთესოდ გამოარჩევს სწორედ პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, რომელსაც აქვს ლიდერობისა და მართვის გამორჩეული უნარი. სცენაზე ვთხოვ საქართველოს მოქმედ და მომავალ პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას“, – ასე წარადგინა 2020 წელს საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემ გახარია.
თუმცა 2025 წელს პარტიის პოზიცია შეიცვალა. „ოცნების“ საგამოძიებო კომისიაზე თეა წულუკიანმა გიორგი გახარია დაიბარა და კომისიის წევრები ყოფილ პრემიერს საგუშაგოს გამო დაუპირისპირდნენ.
„ქართული ოცნების“ ახალი პოზიციით, საგუშაგოს ჩადგმას ასეთი შედეგი მოჰყვა:
- სეპარატისტებმა გახსნეს 3 საგუშაგო და 2 მოძრავი პოსტი იმ ადგილებში, სადაც მანამდე არ ყოფილან;
- საქართველომ დაკარგა 100 ჰექტარი ტყის მასივი;
- „საქართველომ ომის ზღვარზე გაიარა“.
„ქართული ოცნება“ არ უარყოფს, რომ ტყეში მონიშვნები მართლაც იყო, მაგრამ, მათი თქმით, საგუშაგომ ვითარება უფრო გაართულა და ტყის დაცვა მის გარეშეც შეიძლებოდა.
ასევე, „ქართული ოცნების“ პოზიციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოს მშენებლობა არ შეუთანხმებია სხვა სამინისტროებსა და პარტნიორებთან, მათ შორის, არც საოკუპაციო რეჟიმთან.
შეიძლებოდა თუ არა ჩორჩანის ტყის დაცვა მხოლოდ პატრულირებით? იყო თუ არა დაპირისპირების რისკი?
რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი
ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების დროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობდა ირაკლი შაიშმელაშვილი და როგორც თავად ამბობს, უშუალოდ იყო ჩართული ჩორჩანის არეალის დაცვაში. შაიშმელაშვილი „პუბლიკასთან“ ჰყვება, რატომ არ იქნებოდა საკმარისი პატრულირება და რატომ იყო უფრო სწორი ღონისძიება – საგუშაგოს მშენებლობა.
ის ასევე ჰყვება, რომ 2019 წელს შემუშავებული იყო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა იმ არეალში სხვა საგუშაგოების მშენებლობასაც. მათ შორის იქ, სადაც შემდეგ სეპარატისტებმა თავად ჩადგეს საგუშაგო.
„სავარაუდოდ, მონიშნვნები გაკეთებული იყო 1922 წლის რუკით. [ოღონდ] ეს რუკა არ იყო, რაც მოიტანეს მათ IPRM-ის შეხვედრაზე, ეს იყო რაღაც ძველი ფურცლის ნაგლეჯზე ფანქრით შესრულებული [ნახაზი]. საუბრობდნენ, რომ ბაკურიანამდე, ტაბაწყურამდეა ჩვენი ტერიტორია და ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გავფართოვდეთო“, – იხსენებს ირაკლი შაიშმელაშვილი საოკუპაციო ძალებთან შეხვედრას და საუბარს მათ ტერიტორიულ პრეტენზიებზე.
როგორც შაიშმელაშვილი ჰყვება, მონიშვნების დაფიქსირების ფონზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დაიწყო გეგმის შემუშავება, როგორ დაეცვათ ჩორჩანის არეალი „მცოცავი ოკუპაციისგან“.
მისი თქმით, გდდ-ს გეგმა გულისხმობდა პატრულირებასაც, მაგრამ, საბოლოოდ, გარემო პირობებისა და სხვა მიზეზების გამო, გადაწყდა, რომ ჩორჩანის ტყეში რამდენიმე საგუშაგო დაედგათ.
იმ ტერიტორიაზე მანქანების გასავლელი ადგილი არ იყო და ფიზიკურად პატრულირებას ვერ შევძლებდით. პატრულირებისთვის ფუნდამენტის შესაქმნელად გზა უნდა გაგვეყვანა იქ, მაგრამ გზას თუ გავაკეთებდით, როგორც არის კიდეც ახლა, დღევანდელი სახით, იქმნებოდა რისკი.
პატრულირება არ გულისხმობს ადგილზე 24-საათიან ყოფნას. პატრულირება გულისხმობს, დავუშვათ, ჩახვედი, რაღაცა გარკვეული პერიოდი გაჩერდი და მობრუნდი, ისევ უკან წამოხვედი. აი, რომ წამოვიდოდა საპატრული ჯგუფი, რისკი იმისა, რომ შემოსულიყვნენ და ისინი დამდგარიყვნენ ჩვენს გაკეთებულ გზაზე, იყო ძალიან მაღალი.
ეს ყველაფერი რომ დავითვალეთ ჩვენ, ფინანსური ხარჯი იქნებოდა – მატერიალური, ასევე რისკები – უსაფრთხოება და მთელი რიგი საკითხები. დავიწყეთ მუშაობა იმაზეც, რომ თუ უნდა გაგვეყვანა გზა, გაგვეკეთებინა და ჩაგვედგა საგუშაგო, სტაციონარული. თან არა ერთი, არამედ – რამდენიმე.
მახლობლად, სოფელ წაღვლში არის პოლიციის განყოფილება, უფრო სწორად, შენობა, თორემ იქ აღარავინ იყო. ამიტომ, საგუშაგოების გეგმით, თვითონ წაღვლშიც, პოლიციის განყოფილებაში გვეყოლებოდა თანამშრომლები; უზრუნველვყოფდით სოფლის უსაფრთხოებას, იქიდან კი – პატრულირებას, დავუშვათ, წაღვლი-ჩორჩანის მიმარულებაზე. იქნებოდა როტაცია და ა.შ. მთელი რიგი, დეტალები… მაგრამ ჯამში, იყო ასეთი მონახაზი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და მოწონებაც მოჰყვა. მიიღეს გადაწყვეტილება, გაგვეკეთებინა სტაციონარული საგუშაგო“, – ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი „პუბლიკასთან“.
რაც შეეხება საოკუპაციო ძალების მიერ საგუშაგობის დადგმას, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო, შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ოკუპანტების პრეტენზიები მოიცავდა 18-18 კვადრატული კილომეტრის ფართობს, ქართული მხარის მიერ საგუშაგოების დადგმის შემდეგ კი მათ კონტროლის მოპოვება მხოლოდ 1.2-1.5 კვადრატული კილომეტრის არეალზე შეძლეს.
ამასთან, შაიშმელაშვილიც უსვამს ხაზს, რომ ცხინვალმა ვერ შეძლო, მათ მიერ შემოტანილი ახალი რუკის მიხედვით შეეცვალა საოკუპაციო ხაზი.
„რომ შემოვიდნენ ისინი, შემოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე. ანუ იქ, სადაც მოქმედი ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება. ამ ფაქტზე მერე მომზადდა მთელი რიგი მასალები, დამუშავდა დოკუმენტები და კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აგრესორი არის რუსეთი.
მე შევდივარ ჩემს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვაკეთებ საგუშაგოს, რადგან ეს დებულებით მაქვს განსაზღვრული; ვაკეთებ საგუშაგოს იმიტომ, რომ უზრუნველვყო იქ მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოება. აი, ამის გამო, რუსეთი შემოდის ჩემს კონტროლირებად ტერიტორიაზე აგრესიულად, სამაგიეროს გადახდის პრინციპით. უფრო სწორად, არ ვიცი, ვერც ვიგებ, რა მიზანი ჰქონდა მათ ამ ქმედებას“, – ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი.
ირაკლი შაიშმელაშვილის შეფასებით, საეჭვოა, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა საოკუპაციო ძალების ქმედებები მათივე მიზნების შესრულების მხრივ, თუნდაც იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ საგუშაგოები სტრატეგიულად სწორ და მნიშვნელოვან ადგილებში განათავსა, საოკუპაციო ძალებმა კი ეს ვერ მოახერხა.
თუმცა, გდდ-ის ყოფილი თანამშრომელი „პუბლიკასთან“ იხსენებს მნიშვნელოვან გარემოებასაც. შაიშმელაშვილი ვარაუდობს, რომ საოკუპაციო ძალებმაც იმოქმედეს დასწრების პრინციპით – იმ ტერიტორიაზე, სადაც მათ საგუშაგოები განათავსეს, ქართული მხარეც იმავეს აპირებდა. გდდ-ს გეგმა მოიცავდა მთელი პერიმეტრის დაცვას, თუმცა ამ გეგმის განხორციელება მას შემდეგ შეფერხდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია ვახტანგ გომელაურმა ჩაანაცვლა.
„რუსები რომ შემოვიდნენ წაღვლის ტერიტორიაზე, არაფერი მნიშვნელოვანი მათ არ გაუკეთებიათ, გარდა ამ 1,2 კვადრატული კილომეტრის მთის ფარდობის ოკუპაციისა. საშეშე მასალა იქ არ არის – ანუ ტყე იქ არ არის, საძოვარი იქ არ არის, წყალი, სტრატეგიული სიმაღლე. ჩვენ სადაც ვდგავართ, მათ ზემოდან ვუყურებთ. სიმაღლეა იმასთან შედარებით.
ამიტომ, ლოგიკა, თუ რატომ შემოვიდნენ, ერთადერთია ის, რომ, ჩემი აზრით, დაგვასწრეს. ჩვენ უნდა შევსულიყავით იქ. ანუ, ის ფერდობი, სადაც რუსები შემოვიდნენ, ეს იყო ოპერაციის შემდგომი ფაზები.
გომელაური როცა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი… გომელაურმა აღარ მოგვცა გაგრძელების საშუალება, თორემ, რამდენიმე ბრიფინგი წარვადგინეთ, როგორ შეიძლებოდა ჩვენ დაგვედგა დამატებით კიდევ რამდენიმე საგუშაგო იმ ტერიტორიაზეც. მაგრამ გაგვაჩერა, ორი ფაზა გაგვაჩერებინა“, – იხსენებს ირაკლი შაიშმელაშვილი.
ოკუპანტების მიერ ტერიტორიის დაკავების გამო, გომელაურთან, თავის მხრივ, კითხვები აქვს გიორგი გახარიასაც. მისი თქმით, გეგმა ითვალისწინებდა 7 საგუშაგოს, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, რომელიც შემდეგ ოკუპანტებმა დაიკავეს და რასაც ახლა ედავებიან თავად გახარიას. საგუშაგოების მშენებლობა კი სწორედ გომელაურის მინისტრობის დროს გაჩერდა.
„რეალურად, გეგმით იქ უნდა დადგმულიყო 7 საგუშაგო. პირველი გაკეთდა 24 აგვისტოს. ამის შემდეგ მე წარდგენილი ვიყავი პრემიერობის კანდიდატად, 3 სექტემბერს. 8 სექტემბერს მე ვიყავი დამტკიცებული საქართველოს პრემიერად. აი, ამ პერიოდში, „გასაოცრად“, იმ კოორდინატებზე, სადაც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა რუსეთის საგუშაგოები.
მე გეუბნებით, მოვა დრო, როცა შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გაარკვევს, რატომ შეფერხდა იმ გეგმის დასრულება, რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა ეს გზა. რა გააკეთა მაშინ შს სამინისტროში გადასულმა გომელაურმა, რომ ეს პროცესი გაეჩერებინა და გეგმა არ მიეყვანა ბოლომდე ან რა გააკეთა მაშინ სუს-ში გრიგოლ ლილუაშვილმა მაშინ, როდესაც აი, ეს ყველა წერტილი, რომელსაც თქვენ დღეს ამაყად აფრიალებთ რუსეთის დროშები, უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები.
რაღაც მომენტში, ამ გარდამავალ ეტაპზე მოხდა ამ გეგმის საბოტაჟი. ეს იყო პირველი სერიოზული კონფლიქტი ჩემსა და სუს-ის მაშინდელ ხელმძღვანელობას შორის, ვინაიდან ის გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო, იყო გდდ-სა და სუს-ის შემუშავებული გეგმა.
მოგიწოდებთ, შექმნათ კიდევ ერთი კომისია, რომელიც გამოიძიებს, რა მოხდა ჩორჩანის ტერიტორიაზე და რატომ მოხდა ის, რომ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც იყო საქართველოს მხრიდან შემუშავებული და რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა ეს საზღვარი… იქ არის ჩადგმული რუსების რამდენიმე საგუშაგო“, – მიმართა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის წევრებს გიორგი გახარიამ.
იხილეთ ამავე თემაზე მომზადებული ვიდეო: