სომხეთი საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გახანგრძლივებას გეგმავს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინინიამა facebook-ზე პირდაპირ ეთერში განაცხადა.
1in.am-ის ინფორმაციით, დღეს ვიცე-პრემიერმა, ტიგრან ავინიანმა სომხეთში არსებულ სიტუაციაsa და კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკაზე ისაუბრა. მან მთავრობას შესთავაზა, რომ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი 30 დღით გახანგრძლივდეს. საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტს გამოცხადდა და 16 აპრილს უნდა დასრულებულიყო.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა შემდეგ კვირაში უნდა მიიღოს.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსული ინფექციით, 967 ადამიანია ინფიცირებული. გამოჯანმრთელებულია 173, ხოლო გარდაცვლილია 13 ადამიანი.