გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე 4 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ა.ს. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან – წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2005 წელს დაბადებული ნ.ვ. და 2003 წელს დაბადებული ნ.ა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ გორში, ვ.ა-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ვ.-ს. წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ბრალდებული ნ.ვ., თანმხლებ პირებთან ერთად, რომელთა შორისაც იმყოფებოდა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2005 წელს დაბადებული რ.კ, ვ.ა-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა. ადგილზე მომხდარი განმეორებითი დაპირისპირებისას, ვ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც რ.კ დაიჭრა. მომხდარის შემდეგ, კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილმა რ.კ.-მ ტერიტორია მის ძმისშვილთან – ნ.ა.-სთან ერთად დატოვა, რომელიც ასევე დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის“, – წერია განცხადებაში.

შსს ამბობს, რომ საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109, 376-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.