ევროკავშირი „ოცნებისთვის" გაგზავნილ წერილში ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფას მოითხოვს

პუბლიკა

საქართველოს პირველი არხი ავრცელებს იმ წერილს, რომელიც ევროკომისიამ „ქართულ ოცნებას” გაუგზავნა –  მასში აღნიშნულია 8 პუნქტი, რომელთა აგვისტოს ბოლომდე შეუსრულებლობა უვიზო რეჟიმის შეჩერებას დააყენებს დღის წესრიგში.

მოცემული პუნქტები თანხვედრაშია საქართველოს მიმართ გაცემულ რეკომენდაციებთან, რომელიც ვიზების შეჩერების მექანიზმის შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში იყო მოცემული.

გთავაზობთ პუნქტებს:

  1. უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა;
  2. არ მიიღოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და წინააღმდეგობაშია ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები;
  3. შეუსაბამოს საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სიას სავიზო ვალდებულების მქონე ქვეყნებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ან არალეგალური მიგრაციის კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ;
  4. გააძლიეროს ქმედებები თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ, მათ შორის უვიზო რეჟიმის პირობების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით და საზღვარზე კონტროლის გამკაცრებით;
  5. შექმნას აქტივები დაბრუნების და მენეჯმენტის ოფისები და გააგრძელოს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განკარგვის კუთხით;
  6. მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს შესაბამისი რესურსი მათი განხორციელებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას და განაჩენების გამოტანას;
  7. შეცვალოს კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რათა შესრულდეს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების ნაწილში;
  8. შეუსაბამოს პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს.