თურნავა ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის პრეზიდენტს შეხვდა

პუბლიკა

ნათია თურნავა ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის პრეზიდენტს შეხვდა.

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტი მიმდინარე წლის მარტში ჩინეთის სახალხო ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განსაზღვრული საკითხების განსახილველად შედგა.

„მხარეებმა, ეროვნულ ბანკსა და CIPS-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტებისთვის CIPS-ის გლობალურ ქსელთან წვდომის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოში გადახდებისა და ანგარიშსწორების სისტემები განუწყვეტლივ ვითარდება. CIPS-თან თანამშრომლობა კი მეტად გაამარტივებს გადახდებს, გადარიცხვებსა და ტრანზაქციებს ორ ქვეყანას შორის, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომან გოცირიძე წერს, რომ ჩინური დელეგაციის მიერ ეროვნულ ბანკში მოლაპარაკებების გამართვა SWIFT-დან გათიშვის „რეალურ რისკებზე მიუთითებს”.

„ვერავითარი ჩინური სისტემები SWIFT-ს ვერ შეცვლის. SWIFT-დან გათიშვა იმ ზომის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას ნიშნავს, რომ ეს ქვეყნის ჩამონგრევის ტოლფასი იქნება”, – წერს ის.

CIPS ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემაა.

ის, ისევე, როგორც ბელგიაში დაფუძნებული SWIFT, CIPS-იც ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემაა.

თუმცა 1973 წელს ბელგიაში დაფუძნებული SWIFT გამოიყენება გლობალურად და მხარს უჭერს მრავალ ვალუტას, ხოლო CIPS განსაკუთრებით ორიენტირებულია ჩინურ ვალუტა იუანზე.

SWIFT-ს მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო იყენებს და მისი საშუალებით ყოველდღიურად 40 მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება.

2015 წელს ჩინეთის მიერ შექმნილი CIPS შეიძლება ჩაითვალოს SWIFT-ის ნაწილობრივ ალტერნატივად იმ ქვეყნებისა და ბანკებისთვის, რომლებიც იუანით ვაჭრობენ ან სურთ, რომ შეამცირონ დამოკიდებულება დასავლურ ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე.

ბოლო წლებში, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე (მაგალითად, რუსეთის ან ირანის წინააღმდეგ SWIFT-დან გათიშვის შემდეგ), CIPS-მა მეტი მნიშვნელობა შეიძინა, თუმცა ვერ მიიჩნევა SWIFT-ის მნიშვნელოვან შემცვლელად.

2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა ჯერ 10 უმსხვილესი რუსული ბანკი გათიშა SWIFT-იდან, 2025 წელს კი გეგმავს, მასზე წვდომა კიდევ 20 რუსულ ბანკს შეუზღუდოს.

2025 წლის 9 ივლისს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციით ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, „ქართული ოცნების” პოლიტიკური ლიდერების და რეჟიმის ხელისშემწყობი სხვა პირების სანქცირებასთან ერთად, „განიხილოს SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტას”.