საპროტესტო აქციაზე 8 პოლიტიკურმა პარტიამ საერთო განცხადება გააკეთა.
მასში ნათქვამია:
„ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს.
ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის, ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობისა და უსამართლობის დაკანონებით! ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით. რუსული რეჟიმის სრული იზოლაცია აუცილებლად მოიყვანს მის დემონტაჟს. შედეგად, მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს ხალხი და თავისუფალი არჩევნების გზით მოგვანიჭებს პოლიტიკურ პარტიებს მანდატს იმისთვის, რომ დავასრულოთ ქაოსი და დავამკვიდროთ უსაფრთხო, დემოკრატიული, ქართული სახელმწიფო.
ჩვენი გამარჯვების გზა არის:
- საზოგადოების ერთობა და რეჟიმთან ართანამშრომლობა!
- უახლესი, მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაფართოება!
- რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაზე ერთობლივი მუშაობის გააქტიურება!
ამ ამოცანების შესასრულებლად ჩვენ 9 თვეა, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს: არ ვაღიარეთ პარლამენტად წოდებული ფარსი და უარი ვთქვით მანდატებზე; არ ვაღიარეთ საგამოძიებო კომისიად წოდებული ფარსი — პირადი თავისუფლების ფასად; ვიმუშავეთ საერთაშორისო და საპროტესტო ჯგუფებთან იმისთვის, რომ მიგვეღწია რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციისთვის.
ამ ძალისხმევამ, ქართველი ხალხის უწყვეტ პროტესტთან ერთად, რეჟიმი შეარყია და ივანიშვილის ბანდაში შიდა დაპირისპირებები გამოიწვია.
იმისთვის, რომ ცვლილება დადგეს და ის შედეგი მოიტანოს, რაც ჩვენს ისტორიულ გზაზე დაგვაბრუნებს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა! სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიწყებთ წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას, იმისთვის რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს და ხალხიდან წამოსულ იმპულსს, მათ ინტერესებსა და ენერგიას დაეფუძნოს”.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დანიშნული, ბოიკოტის ნიშნად არ მონაწილეობენ:
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- თავისუფლების მოედანი;
- ფედერალისტები;
- გირჩი-მეტი თავისუფლება;
- დროა;
- სტრატეგია აღმაშენებელი;
- ახალი;
- ევროპული საქართველო.
არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმეს „ლელოს” კოალიციამ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის”.