შორენა ტაბატაძე, თარჯიმანი – ის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინისა და ანასტასია ზინოვკინას საქმეში ფიგურირებს.
საქმის მასალების მიხედვით, ის ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ადგილზე იმყოფებოდა და მათ პოლიციელების საუბარსა და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას უთარგმნიდა.
ბრალდების მხარე მას ე.წ. ნეიტრალურ მოწმეს უწოდეს და ამბობს, რომ თარჯიმანს მიუკერძოებლად შეუძლია აღწეროს, თუ როგორ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
დაცვის მხარისთვის კი შორენა ტაბატაძე პოლიციელებთან დაახლოებული, ანგაჟირებული თარჯიმანია და რომელიც ვერ ჩაითვლება საგამოძიებო მოქმედებების მიუკერძოებელ დამკვირვებლად. ამ საკითხის ე.წ. „ნარკოტიკების ჩადების” საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან საქმეში, სადაც ე.წ. ნეიტრალური მტკიცებულები არ არის, ეს როლი ბრალდების მხარემ შსს-ის დაქირავებულ თარჯიმანს „დააკისრა”.
„მოვითხოვ, რომ საგამოძიებო ჯგუფი ციხეზე მოვიდეს და ჩემთან ჩაატარონ გასაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ თარჯიმანმა შორენა ტაბატაძემ ჩემი მისამართით განახორციელა არაერთი მუქარა… დაკავების შემდეგ”, – განაცხადა ანასტასია ზინოვკინამ 18 ივლისს გამართულ პროცესზე, მას შემდეგ, რაც მის პროცესზე შორენა ტაბატაძე დაიკითხა.
ანტონ ჩეჩინის საქმეზე მოწმედ დაკითხვის დღეს შორენა ტაბატაძე გამომძიებელ ემილ კუპრავასთან ერთად მოვიდა სასამართლოში. ემილ კუპრავა არაერთ გახმაურებულ, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობს, როგორიცაა – ნიკა კაციას, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმე; ასევე, დაკითხულია აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ 11 პირის საქმეზეც.

გთავაზობთ ანტონ ჩეჩინის წერილს „პუბლიკისადმი”, სადაც ის შორენა ტაბატაძესთან შეხვედრას იხსენებს:
„ჩემი პირველი „შეხვედრა” შორენა ტაბატაძესთან გაიმართა დაკავების დღეს – 3 დეკემბერს.
დილით სახლიდან გამოვედი, სამსახურში მივდიოდი, ყავის სახლში. როგორც კი ეზოში რამდენიმე მეტრი გავიარე, სამი უფორმო ადამიანი ჩამებღაუჭა და მანქანაში ჩამსვეს, რომელთაც პოლიციის არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ. ბრალი დამდეს ნარკოტიკის შენახვა და გაყიდვაში. მე ვუთხარი, რომ ასეთი რამ ვერ მოხდებოდა, ვინაიდან უკანონო არაფერი მქონდა. მჩხრეკდნენ, მცემდნენ და შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ამის შემდეგ 4 პოლიციელიდან ერთ-ერთმა მითხრა, რომ ქურთუკი გამეხადა და გადამეცა პოლიციელისთვის, რომელიც ჩემგან მარჯვნივ იჯდა.
გავიხადე ქურთუკი, რომელიც მეგონა, რომ დასათვალიერებლად სჭირდებოდათ… მე მივაწოდე ქურთუკი პოლიციელს. „დათვალიერების” შემდეგ, მითხრეს, რომ ქურთუკი ისევ ჩამეცვა და იმ ადგილას, სადაც პოლიციელი იჯდა, გამომძიებელი არჩილ ნაცვლიშვილი დაჯდა და, მისი თანდასწრებით ამოიღეს პაკეტი, სადაც თეთრი ფხვნილი იყო, რომელიც მე მანამდე არ მინახავს. იქამდე მეკითხებოდნენ: „რამე უკანონო გაქვს თან?”; ამაზე ვუპასუხე: „არა”, რადგან მათთან შეხვედრამდე არაფერი მქონდა.
როგორც კი პაკეტი ამოიღეს, მანქანაში ჩაჯდა შორენა. იმ ადგილას, სადაც მანამდე პოლიციელი იჯდა, მაგრამ ის პოლიციელი არც საქმეშია დაფიქსირებული და არც სასამართლოში მოსულა. ორი თანამშრომელი დოკუმენტებში არც ჩაწერეს. შორენამ მაშინვე თქვა, რომ ბრალს მდებდნენ ნარკოტიკების შენახვა-გაყიდვაში, მემუქრებოდა ციხეში ხანგრძლივი დროის გატარებით, ოღონდ არა სამუდამო, როგორც მის მოსვლამდე პოლიციელები მემუქრებოდნენ. მე ვუპასუხე, რომ ნარკოტიკები არ მქონია და არც ეს პაკეტი მინახავს არასდროს. მან თქვა: „თქვენ ყველა ასე ამბობთ” და ის, რომ პრობლემები მექნებოდა, თუ არ ვაღიარებდი. მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა პროტოკოლი შეავსო, შორენამ თქვა, რომ ხელი უნდა მომეწერა. მე ვუპასუხე, რომ ჩემი პაკეტი არ ყოფილა და არც ხელს მოვაწერდი, რადგან ამ ყველაფერს არ ვეთანხმებოდი. ამაზე მან მიპასუხა, რომ პრობლემები შემექმნებოდა.
პოლიციელების ყველა უკანონო მანიპულაციების შემდეგ, მის ადგილას დაჯდა პოლიციელი და წავედით პოლიციის დეპარტამენტში. შორენა ამ მანქანაში არ ყოფილა.
დეპარტამენტის ერთ-ერთ კაბინეტში მიმდინარეობდა დაკითხვა, რომელიც არ ეხებოდა ნარკოტიკების თემას. კითხვები და ბრალდება მხოლოდ ჩემს აქციებში მონაწილეობას ეხებოდა. ბრალს მდებდნენ, რომ მყავს ჯგუფი, რომელთან ერთადაც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ვგეგმავთ. ჩემი ტელეფონიც მოიტანეს. მე ის განვბლოკე, რადგან დასამალი არაფერი მქონდა და პოლიციამაც დათვალიერების შემდეგ თქვა, რომ ყველაფერი „სუფთა” იყო. ჩვენთან ერთად კაბინეტში იყო ედგარ ოგანესიანი, რომელმაც სასამართლოში კითხვაზე, თუ რა ხდებოდა დეპარტამენტში, უპასუხა, რომ იქ არ ვუნახივარ. რაც ფაქტია, რომ ტყუილია.
შემდგომ სხვა კაბინეტში გადავინაცვლეთ, სადაც „დათვალიერებისას” მოტყუებით აიღეს ნერწყვის ნიმუში. ამით მათ შეძლეს ეს დაეტანათ ნარკოტიკებზე. „მტკიცებულებების” პაკეტი არ ყოფილა დალუქული წებოვანი ლენტით… ის, თუ როგორ „დალუქეს” პაკეტები, მე არ მინახავს, რადგან არ დალუქულა. უკვე სხვა კაბინეტში „კარგი” პოლიციელის როლის განმასახიერებელი ედგარ ოგანესიანი მირჩევდა ნარკოტესტირებაზე შემოწმებას, რასაც მის გარეშეც ვითხოვდი. ჩვენ დავუძახეთ თარჯიმანს, რომ ჩემი თხოვნა გამომძიებლისთვის გადაეცა. მე ვთხოვე შორენას, გადაეცა, რასაც ვითხოვდი ნარკოტესტირების ჩატარების თაობაზე. ის წავიდა და რაღაც დროის შემდეგ მომიტანეს ქაღალდები, თითქოს შემოწმებაზე უარს ვამბობდი. მე ვთქვი, რომ შემოწმებაზე უარს არ ვამბობდი და ქაღალდზე ხელი არ მომიწერია. ამის შემდეგ სწრაფად მიმიყვანეს მანქანასთან და წამიყვანეს „კაპეზეში”.
07.07.2025 სასამართლო პროცესზე შორენა კარგად იყო მომზადებული პოლიციის და პროკურატურის მიერ. სასამართლოში იმ მოვიდა პოლიციელის თანხლებით, რომელსაც უკვე ჰქონდა მიცემული ჩვენება ჩემს საქმეში – ემილ კუპრავა. ამის მიუხედავად, ნერვიულად იქცეოდა და დარდობდა. გასაგები იყო, რომ ამას პოლიციის მხრიდან ზეწოლით აკეთებდა.
ჩვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე შორენა ბრალდების მხარეს, პროკურორს პასუხობდა. ამ პასუხებს სიმართლესთან არაფერი ჰქონია საერთო, ისევე, როგორც ბრალდების მხარის სხვა „მოწმეების” ჩვენებებს. და ყველას ჩვენება ერთმანეთში აირეოდა, რომ არა პროკურორის მხრიდან ასეთი ძლიერი დახმარება. მანქანის ფერიც კი, რომლითაც წავედით დეპარტამენტში, ყველამ სხვადასხვა დაასახელა. ცრუ პასუხების შემდეგ, ვერც მე და ვერც ადვოკატმა შევძელით ჩვენი მნიშვნელოვანი კითხვების დასმა, ვინაიდან მათზე უკვე იყო პასუხი გაცემული მათთვის „საჭირო პოზიციით”. ჩვენი მხრიდან დასმულ კითხვებს მოსამართლე ბლოკავდა.
პროცესისას, დარბაზში საინტერესო დეტალი შევნიშნე. ყველა ვიდეოკამერა შეტრიალებული იყო ისე, რომ საქმის მოწმე მასზე არ გამოჩენილიყო! მე მოსამართლეს ამის შემდეგ კითხვა დავუსვი: „სასამართლოს დარბაზში არსებილი კამერები ისევე, როგორც მედიის კამერები, არ იღებენ პროცესს და შეტრიალებულია კედლისა და ჭერისკენ?! ცხადი პასუხი მე არ მიმიღია, მხოლოდ მოსამართლის პირობა, რომ შემდეგში ასეთი რამ „ნამდვილად” არ განმეორდება; რომ ეს სხვა პერსონალის პასუხისმგებლობა იყო და თვითონ არაფერი იცის. ამაზე მე ვთქვი: ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს ამ საქმის მთავარი მოწმეა და კამერები არ იღებენ, რათა ჩვენ ვერ შევძლოთ სასამართლოს ჩანაწერის გამოყენება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, რადგან კამერებზე აისახებოდა მოწმის ქცევა, ნერვიულობა და ემოცია. მოსამართლემ ამაზე მხოლოდ გაიღიმა და არანაირი ზომა არ მიუღია, მისთვის ეს უინტერესო იყო.
მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აზრი არ აქვს იმედის დამყარებას გამამართლებელ განაჩენზე. მოსამართლე არ განიხილავს ჩემს სასარგებლოდ მიცემულ ჩვენებებს. ეს იმის გამო, რომ თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმეა და მათ ჩემი მოშორება უნდათ. ეჭვგარეშეა, რომ ამ ყველაფერს აკეთებენ პარლამენტში და მითითებებიც მაქედან მოდის”, – წერს ჩეჩინი წერილში.
რატომ ვერ იქნება შორენა ტაბატაძე ნეიტრალური მოწმე – ადვოკატის შეფასება
შორენა ტაბატაძის მიმართ პრეტენზიებზე და მის მიმართ უნდობლობის საფუძვლებზე დაცვის მხარე ჯერ კიდევ წინასასამართლო სხდომის ეტაპიდან მიუთითებდა. ანტონ ჩეჩინის ადვოკატი გიორგი ჩხეიძე რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებდა ყურადღებას, რაც, მისი აზრით, შორენა ტაბატაძის მიუკერძოებლობას საფუძველს აცლის.
დაცვის მხარისთვის შორენა ტაბატაძის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის საქმეში როგორც „ნეიტრალური მოწმე“ ისეა წარმოდგენილი. „ნეიტრალურ მოწმეს“ და მის ჩვენებას კი საქმეში, სადაც დაცვის მხარე ნარკოტიკების ჩადებაზე საუბრობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
„სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეომტკიცებულება. ბრალდების მხარეს სურს ნეიტრალურ მტკიცებულებად წარმოაჩინოს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე თარჯიმნის გამოკითხვის ოქმი.
რამდენად შეიძლება ნეიტრალურ პირად მივიჩნიოთ პიროვნება, რომელიც მუდმივად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან როგორც თარჯიმანი, არაერთხელ ყოფილა ჩართული მსგავს საგამოძიებო მოქმედებებში და სავარაუდოდ არაერთხელ ყოფილა წარმოდგენილი როგორც ნეიტრალური პირი?!
ბუნებრივია, რომ ნეიტრალური მტკიცებულების არსი და წონა გაცილებით მაღალია და არ შეიძლება იმგვარი კატეგორიის და სიმძიმის საქმე, რომელიც სასჯელის სახით 8-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სრულად იყოს დამოკიდებული საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოძახებულ, მათთან თანამშრომლობაში მყოფ თარჯიმანზე“, – ამბობს ადვოკატი გიორგი ჩხეიძე.
ადვოკატი ამბობდა, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა მნიშვნელობის იყო გამოკითხვის ოქმი ამ საქმეში, სასამართლოს თავიდანვე სათანადო ყურადღება უნდა დაეთმო იმის შესწავლაზე, თუ რამდენად კანონიერად მოხდა შორენა ტაბატაძის გამოკითხვის ოქმის შექმნა და დამაგრება სისხლის სამართლის საქმეზე, რადგან „ანტონ ჩეჩინის ბედი სწორედ მასზეა დამოკიდებული“.
„შორენა ტაბატაძის 17.01.2025 წლის გამოკითხვის ოქმის ინფორმაციული ნაწილი, გარდა ე.წ შაბლონისა, შედგება სულ 40 ხაზისგან/ველისგან. აღნიშნული 40 ხაზიდან/ველიდან – 26 ხაზი არის სრულად იდენტური ზურაბ რუსიშვილის [დეტექტივი] გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციისა. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ მოწმე შორენა ტაბატაძის მიერ მიცემული ინფორმაციის 65% არის იდენტურად გადმოტანილი ზურაბ რუსიშვილის გამოკითხვის ოქმიდან, ან პირიქით, ბუნებრივია დაცვის მხარე მოკლებულია იმის შესაძლებლობას დაადგინოს რომელი გამოკითხვის ოქმიდან, რომელ გამოკითხვაში მოხდა წინადადებების „გადაკოპირება“, – ამბობს ჩხეიძე.
ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ ანტონ ჩეჩინი განმარტებით, თარჯიმანი შორენა ტაბატაძე, რბილად რომ ვთქვათ, „ცუდი“ რუსულით ესაუბრებოდა მას და რომ მისთვის გაუგებარი დარჩა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი.
„რაც მეტყველებს იმაზე, რომ პირად ჩხრეკაში თარჯიმნის მონაწილეობა და მისი ჩართულობა არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას და ამის გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანომ ვერ უზრუნველყო საგამოძიებო მოქმედებაში სათანადო წესით თარჯიმნის ჩართვა, მით უმეტეს იმგვარ ვითარებაში, როდესაც მათთვის წინასწარ იყო ცნობილი ანტონ ჩეჩინის პიროვნებისა და შესაბამისად თარჯიმნის საჭიროების შესახებ“, – ამბობს ის.
დაცვის მხარისთვის შორენა ტაბატაძის მიმართ უნდობლობის კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენს ის, რომ სათარჯიმნო კომპანია შპს „ინტელექტ მარკეტი“, სადაც დასაქმებულია თარჯიმანი შორენა ტაბატაძე, წლებია უწევს სათარჯიმნო მომსახურებას შინაგან საქმეთა სამინისტროს – ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობისა და მასში გამარჯვების შედეგად.
„რა ბერკეტები რჩება დაცვის მხარეს, დაამტკიცოს თავის სიმართლე იმ პირობებში, როდესაც ჩხრეკის ჩამტარებელი გამომძიებელი და თარჯიმანი ერთმანეთის იდენტურ, მსგავს, ე.წ. copy/paste ინფორმაციას აძლევს საგამოძიებო ორგანოს?! რით განსხვავდება საეჭვო კომპანიაში დასაქმებული შორენა ტაბატაძის მონაწილეობა და გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის მონაწილეობისგან? ბუნებრივია, რომ არაფრით. ზემოხსენებული გარემოებები უფრო მეტად საეჭვოს ხდის ამ კომპანიაში დასაქმებული თარჯიმნის ნეიტრალურობას საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას. შეუძლებელია რეალურად ნეიტრალური პირის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია და საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია იყოს ზუსტად ერთმანეთის იდენტური“, – ამბობს ჩხეიძე.