შავი დღეების სურათები თვალჭრელიძიდან

ზურა ვარდიაშვილი

აეროპორტის გზიდან თბილისის ცენტრისკენ მომავალი, მხიარული ფერებით განათებული სავაჭრო ცენტრის, „ისთ ფოინთის”, პარკინგის გადასწვრივ, მეორეხარისხოვან გზაზე ხელმარჯვნივ თუ აუხვევთ, ასიოდე მეტრში, ზედ ამ გზაზევე გაყოლებული კორპუსების გასწვრივ, ჯერ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის პიკაპებს მოჰკრავთ თვალს, შემდეგ კი კედლებჩამოფხავებული შენობის ძირში მიყრილ სავარძლებს, ლეიბებს, სკამებს, ჭურჭლეულს, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს, რომელთაც პატრონები ნელ-ნელა ეზიდებიან.

საით? ამ კითხვაზე პასუხი უმეტესობას არ აქვს.

გუშინ აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა, პოლიციელებისა და გაურკვეველი ნიღბიანი ფორმირებების დახმარებით, ათობით ოჯახი – კაცები, ქალები, ბავშვები, მოხუცები ძალადობრივად გამოასახლა, ტრაქტორებით სახლები დაუნგრია, ნივთები და ავეჯი ქუჩაში, ღია ცის ქვეშ გადმოუყარა.

გუშინვე პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა – სიმწრისგან მაისურშემოხეული 35 წლის მამა, რომელსაც 4 წლის შვილი ურეკავდა და სათამაშოს შენახვას ეხვეწებოდა; 5 შვილის, მათ შორის 2 წლის ტყუპების დედა, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები… „ვინც ხმას ამოიღებს ყველა დააკავეთ” – ისმოდა დროდადრო საპატრულო პოლიციის დანაყოფის უფროსის ბრძანება. პოლიციელების ნაწილი შესამჩნევი ხალისით და ენთუზიაზმითაც კი ემორჩილებოდა და ასრულებდა ბრძანებას.

წუხელ ყველამ იხილა ქუჩაში დაყრილ ტახტზე ჩაძინებული 3-იოდე წლის ბიჭი; 6-იოდე წლის გოგონა, ბლოკზე ჩამომჯდარი, რომელსაც გაშლილი დედაენა ედო მუხლებზე; პატარა ბიჭუნა, რომელიც ორივე ყურზე აფარებული პატარა ხელებით ცდილობდა, გაჰქცეოდა თავს დამტყდარ, მისთვის ბოლომდე გაურკვეველ ხმებს, სურათებს…

დღეს დილიდან თვალჭრელიძის ქუჩაზე ბავშვებს ვეღარ ნახავთ. მშობლებმა მათი ნათესავებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან გახიზვნა შეძლეს. თავად დაბრუნდნენ, და იმ ქონების ნარჩენების გადარჩენას ცდილობენ, რაც მათ ნასახლევებიდან დარჩათ.

4 შვილის მარტოხელა დედა, ეკომიგრანტი, სოციალურად დაუცველი ინგა პაპიძე მეზობლებთან ერთად პირდაპირ გზის პირად მდგარი, შეულესავი ბლოკებით ნახევრად ამოშენებულ, უფანჯრო, უკარო, უსახურავო „ოთახში“ ზის. შესასვლელის მოპირდაპირე კედელთან მაგიდა დგას, სადაც მაღაზიაში სახელდახელოდ ნაყიდი წყლის ბოთლები, პურის ნაჭრები, წვენები, მცირეოდენი საჭმელია გახვეული. მრავალმა მათგანმა ღამე აქ, სალოცავად განსაზღვრულ სივრცეში გაათია.

„თბილისში ვარ რეგისტრირებული. თუმცა, არავის არ აინტერესებს ჩემი სტატუსი. ვითომ კალაძემ გამოაცხადა, თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებსო… ჩემამდე არავინ მოსულა, არავის არაფერი შემოუთავაზებია და არავინ არაფრისთვის არ ანძრევს ხელს – „ოცნებაზე“ მაქვს ლაპარაკი. მაგათი „ტიტუშკები“ კი კარგად გვამტვრევენ, გუშინ 4 წლის ბავშვთან ერთად კინაღამ გადაგვთელეს, გადაგვიარეს, რასაც ჰქვია…

ღამე აქ გავათენეთ. არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს ხალხი გამოყარეს ქუჩაში… 69 ოჯახი ცხოვრობდა აქ ოფიციალურად.

ვის რა შესთავაზეს, ვინ დააკმაყოფილეს, არავინ გვაყენებს საქმის კურსში. მგონია, რომ ეგ უფრო შიდა განხეთქილებისთვის შემოგდებული თემაა.

წასასვლელი არსად არ გვაქვს, ჯერჯერობით, აქ ვართ. მთავარია, მასალები, კარ-ფანჯრები, ბლოკები გავიტანოთ და დავასაწყობოთ, რომ მერე ვიზრუნოთ იმაზე, სად წავალთ. ალბათ, ისევ თავისუფლებაზე, კარვებში, მერიის შენობასთან მოგვიწევს დგომა და ძახილი, რომ თავშესაფარი გვინდა“, – გვეუბნება ინგა პაპიძე.

საუბარში ნელ-ნელა სხვა მცხოვრებლებიც ერთვებიან. ერთი მათგანი, შუა ხნის ღია წითელ კაბაში ჩაცმული ქალი ამბობს, რომ მან აიღო შემოთავაზებული თანხა ქირისთვის, თუმცა ამ დრომდე 900 ლარზე ნაკლებად ვერაფერი იპოვა. ქირისთვის განსაზღვრული თანხა კი 300-იდან 700 ლარამდე მერყეობს და ისიც 3 თვით. ამიტომ ახლა აპირებს უკან დააბრუნოს – აი, აქ მაქვს, ჩანთაში, ხელიც არ მიხლია – ეუბნება მეზობლებს. თითქოს თავს იმართლებს.

„მეც შემომთავაზეს 700 ლარი, სამი თვით“, – მეუბნება ირაკლი, 48 წლის ჭაღარა მამაკაცი, ღამენათევ თვალებზე პლასტმასის მსხვილჩარჩოიანი სათვალე უკეთია – სამაგიეროდ უნდა მეთქვა ტელევიზიებთან, რომ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, მაგას რა გამაკეთებინებდა”. ირაკლი ამბობს, რომ ქრონიკული ასთმა აქვს. საუბარზეც ეტყობა, რომ მძიმედ სუნთქავს. „წამოდით, გაჩვენებთ, სად ვცხოვრობდი, და საიდან გამომაგდეს, რა დამინგრიეს”, – გვეუბნება იგი.

შენობას გაურკვეველი ფორმაციის შავნიღბიანი ჩასკვნილი კაცები იცავენ, მაგრამ ირაკლის ქვედა მხრიდან შევყავართ მომცროოთახებიან დალეწილ ბინაში. იქაურობა ბრძოლის ველს ჰგავს.

აბაზანას გვაჩვენებს – ახლად დაგებულ კაფელზე ჯერ კიდევ ხელოსნის მიერ დატოვებული სამაგრებია. „გუშინ დავასრულე რემონტი – ამბობს ირაკლი, მომდევნო 4 თვე კიდევ ამის სესხი უნდა ვიხადო“.

წლების განმავლობაში შვილთან და შვილიშვილთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა. ომის დაწყების შემდეგ მისი შვილი და შვილიშვილი პოლონეთში გადავიდნენ, როგორც ლტოლვილები, თავად სამშობლოში დაბრუნდა და უდედოდ დარჩენილ 12 და 13 წლის ძმისშვილებს მეურვეობს. ამბობს, რომ მისი ძმა ავარიაში მოხვედრის შემდეგ ავადაა და ძმისშვილებზე მეურვეობა მან იკისრა. „სპორტსმენები არიან, ერთ კვირის წინ მედალიც მოიპოვეს, გერმანიაში შეიძლება წაიყვანონ“, – ხმაში სიამაყე ერევა ბიძას.

„ამდენი შრომის და წვალების შედეგი ერთ საათში დამექცა და დამეღუპა“, – ამბობს ირაკლი.

„აგერ გადავალ ამ ჩემი გადმოყრილი დივან-კრესლოთი, სალოცავში. მე ავაშენე ჩემი ხელით. მერე მამაო გავხდები და ისე ვიცხოვრებ, ვერ შემეხებიან”, – ირაკლის თავის ხუმრობაზე ჯერ სიმწრით ეღიმება, მერე კი გულიანად იცინის.

მოსახლეობის სახლებიდან გამოყრას გუშინვე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

„ამ ტერიტორიაზე აღრიცხულია უკანონოდ შეჭრილი 200-ზე მეტი პირი. მათგან 58 მოქალაქეს აქვს დევნილის სტატუსი და უმეტესობა უკვე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოსგან. დანარჩენებზე კი მიმდინარეობს შესაბამისი პროცესი შესაბამისი უწყებების მხრიდან. …როგორც უკვე გითხარით, მხოლოდ 9 პირს აქვს თბილისში რეგისტრაცია და შესაბამისად, შეთავაზება ჩვენგან ქირით უზრუნველყოფაზე უკვე გაკეთებულია”, – ამბობს კალაძე.

თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს სპეციფიკური განცხადებით უპასუხა აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც:

„აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით, მუშაობის პროცესში მიმდინარეობდა მცხოვრებთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და პროცესისათვის მომზადება. დეტალურად იქნა ახსნილი, რას მოიცავს გამოსახლების პროცესი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

თუ გსურთ, რომ კორპუსს მეორე მხრიდან მოუაროთ, რკინის ჭიშკარი უნდა გაიაროთ, რომელსაც ნიღბიანები იცავენ. კარი მოულოდნელად იხსნება და ჟურნალისტებს გვეძახიან. კომენტარს აკეთებს კომპანია „ბლექსი ფროფერთის“ წარმომადგენელი გიორგი ჩაფიძე.

ჭიშკრის იქითა სამყარო ღაზის სექტორს ჰგავს. ნანგრევებით მოფენილი ეზოდან მცხოვრებლებს დარჩენილი ნივთები გააქვთ. სახლებიდან მოგლეჯილი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები, პარკებში ჩაწყობილი პირადი ნივთები, ყვავილებიანი ქოთნები, მუყაოს ყუთები…

გიორგი ჩაფიძე ამტკიცებს, რომ კომპანია 2 წლის განმავლობაში მოსახლეობასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას და „დაკმაყოფილებულია ათობით ოჯახი“.

რამდენი ოჯახი დააკმაყოფილეს? და რა ოდენობის ქირა შესთავაზეს? რამდენი ხნით? – ამ შეკითხვებზე პასუხს ის თავს არიდებს და ამბობს, რომ „შესაბამისი მონაცემები დაფიქსირებულია შესაბამის დოკუმენტებში, შესაბამის მუხლებში, ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდება შესაბამის მედიასაშუალებებში…”.

იგი ასევე უარს ამბობს, განმარტოს, ვინ არიან ნიღბებში გამოწყობილი პირები, რომლებიც არც მცხოვრებლებს და, მით უმეტეს, არც ჟურნალისტებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ამბობს, რომ კერძო დაცვის თანამშრომლები არიან, მაგრამ არ ამხელს, რომელი კომპანიის. გვიმტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

მასთან ინტერვიუს ვწყვეტთ და ჭიშკრიდან გავდივართ, ვიდრე მანქანაში ჩავსხდებით, ქუჩაში გადმოგდებულ თეთრ დივანზე გაწოლილ, გაქუცულბეწვიან კურცჰაართან ვჩერდები მოსაფერებლად. ძაღლი არც კი ინძრევა, დაწინწკლულ ბეწვზე ხელს ვუსვამ. შემდეგ მის ზემოთ ვიხედები და ყურადღებას მაშინვე იქცევს დივნის უკან ამოშენებულ, ჩამოფხავებულ, ნაცრისფერ კედელზე უზარმაზარი ასოებით, წითელი საღებავით შესრულებული წარწერა – „ბიძინა ეს ომი ჩვენთან შენ დაიწყე!”.