ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის – მამუკა ჯორბენაძისა და სტუდენტების – ანრი კაკაბაძის, დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძისა და გიორგი დავითაძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.
ანრი კაკაბაძეს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო დეკანსა და დანარჩენ სტუდენტებს ჯარიმა დააკისრეს.
დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს 20 000 ლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა ის გადაიხდის 18 000 ლარს, დანარჩენი 2-თვიანი წინასწარი პატიმრობიდან დაექვითება.
სტუდენტებს: გურამ მიქელაძეს, დავით გვიანიძესა და გიორგი დავითაძეს დაეკისრათ 17-17 ათასი ლარის გადახდა – ისინი ჯამში გადაიხდიან 15-15 ათას ლარს.
ანრი კაკაბაძე უკვე 7 თვეა წინასწარ პატიმრობაშია, ის ციხეში კიდევ 2 თვეს გაატარებს.
ხუთივე პირი 2024 წლის 9 დეკემბერს სისხლის სამართლის წესით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
2025 წლის 28 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე მამუკა ჯორბენაძეს, დავით გვიანიძეს, გურამ მიქელაძესა და გიორგი დავითაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ და დარბაზიდან გათავისუფლდნენ – ანრი კაკაბაძე ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი მანამდე იყო გათავისუფლებული, რის გამოც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ის პატიმრობაში დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ დეკემბრის დასაწყისში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით. ამის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა თეა ცაგურიამ, რის გამოც ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მამუკა ჯორბენაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამასთან, უწყების განცხადებით, მამუკა ჯორბენაძე და მისი სტუდენტები მოგვიანებით თეა ცაგურიას ქმარს, ირაკლი დევაძეს და მის მეგობარს, ი.ნ-ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.