„დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ხარვეზით წარმოდგენილი მტკიცებულების გამოსწორების შესაძლებლობას აძლევს ბრალდების მხარეს”, – თქვა ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ პროცესზე, მას შემდეგ, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდების მხარის მოწმის წინადადება დააკმაყოფილა.
საუბარია აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის პროცესზე, სადაც საქმის მწარმოებელი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის დაკითხვა დაიწყო.
ხუნაშვილმა ამ საქმესთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება განახორციელა, მათ შორის, დათვალიერებული აქვს საქმეში არსებული ზვიად ცეცხლაძის 14-წუთიანი ვიდეო. ეს ის ვიდეოა, რომელიც გასულ სხდომაზე წარადგინეს და რომელსაც ხმა არ აქვს.
როგორც დღევანდელ პროცესზე არსენ ხუნაშვილმა განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ 14 წუთის სრულყოფილად დამახსოვრება, მისი სიდიდიდან გამომდინარე, შეუძლებელია, „ფლეშკაზე“ აქვს ჩაწერილი იგივე ვიდეო, რომელიც თავდაპირველად ჩამოტვირთა და საქმეს დაურთო. მან ითხოვა, რომ სასამართლოს ამ პროცესზე მისი ასლის გამოყენების ნებართვა გაეცა და დაკითხვისას მისი გამოყენების შესაძლებლობა ჰქონოდა.
ადვოკატები ამის დაშვების წინააღმდეგნი იყვნენ: „ბრალდების მხარე აღმოჩნდა რთულ ვითარებაში, მთავარ მტკიცებულებას არ აქვს ხმა… პროკურატურა [ამ გზით] ცდილობს, რომ შემოგვაჩეჩოს მტკიცებულება, რომელიც საქმეში არაა… ეს იქნება უბრალოდ გაუგონარი რამ… ნუ გადააბიჯებთ, ბატონო მოსამართლე, ნურც საკუთარ თავს და ნურც კანონს…“, – განაცხადა ადვიკატმა შოთა თითბერიძემ.
მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მოწმის მიერ დაყენებული წინადადება. თქვა, რომ ამის უფლება მოწმეს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. თამარ მჭედლიშვილმა განმარტებაში მიუთითა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის მე-6 ნაწილზე – „დაკითხვისას მოწმეს შეუძლია, გამოიყენოს დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი”.
მოსამართლის განცხადებით, აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს, რომ მოწმეს შეუძლია, გამოიყენოს ინფორმაციის შემცველი ნებისმიერი ობიექტი, რომელიც შეიძლება იყოს დისკი ან სხვა რამ და ეს არ დაარღვევს კოდექსს.
„ინფორმაციის შემცველ სხვა ობიექტში მოიაზრება ნებისმიერი სხვა რამე, მათ შორის, დისკი, ინფორმაციის შემცველი ნებისმიერი სხვა ობიექტი, რომლის გამოყენების შესაძლებლობას მოწმეს აძლევს კოდექსი…”, – განაცხადა მჭედლიშვილმა.
ამ გადაწყვეტილებას ბრალდებულის პროტესტი მოჰყვა. მათ პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვება სურდათ.
„დღეს თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელი გადაწყვეტილებაც ხარვეზით წარმოდგენილი მტკიცებულების გამოსწორების შესაძლებლობას აძლევს ბრალდების მხარეს…”, – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.
ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ „მხარეებს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელსაც იგი იყენებდა დაკითხვისას, ხოლო შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ მას ან დაურთონ საქმეს”.
ადვოკატები ამბობენ, რომ სწორედ ამ ნორმის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პროცესზე მოწმე გამოიყენებს ჩანაწერს, პროკურორი მოითხოვს, რომ ის საქმეს დაერთოს.
მოწმის მიერ „ფლეშკით” მოტანილი ვიდეოს ჩართვა დღევანდელ სხდომაზე არ მომხდარა, ვინაიდან ადვოკატებმა სხდომის გადადება მოითხოვეს. გაუქმდა 30 ივლისს ჩანიშნული პროცესიც. ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან კონსულტაცია უნდა გაიარონ.
„115-ე მუხლი ითვალისწინებს მოწმის მიერ ჩვენების მიცემისას ჩანაწერით სარგებლობის შესაძლებლობას, მაგრამ აქ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ეს უნდა ემსახურებოდეს მოწმის მიერ ჩვენების მიცემის გაადვილებას, გაიოლებას, და არა კონკრეტული ჩანაწერის ნივთმტიკებად დართვას”, – ამბობს ჭიკაიძე ჟურნალისტებთან საუბრისას და განმარტავს, რომ ვინაიდან საქმეზე მტკიცებულების დართვის ეტაპი უკვე გასულია, ბრალდების მხარემ ამ „ხრიკს” მიმართა”:
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით ხდება მტკიცებულების დართვა წინასასამართლო სხდომაზე, ხოლო 239-ე მუხლით ხდება საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების დართვა. ორივე ამ შესაძლებლობას აქვს თავისი სტანდარტი. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორივე ეტაპი ამოწურული და განვლილი იყო, ბრალდების მხარემ ამ [ზემოაღნიშნულ] ხრიკს მიმართა”, – განმარტავს ჭიკაიძე.
„ჩვენ რომ გვქონოდა ის მოცემულობა, რომ სასამართლოში წარდგენილ ვიდეოს ხმა ჰქონოდა და ამ ორი ჩანაწერის ერთმანეთთან შედარების შესაძლებლობა ყოფილიყო, ბუნებრივია, ეს საკითხი ასე პრობლემურად არ დადგებოდა”, – დასძენს ჭიკაიძე.
შოთა თუთბერიძის თქმით, აღნიშნული ნორმის მიზანი არის ის, რომ მოწმეს დაეხმაროს მოვლენების აღდგენაში და არა ის, რომ მოხდეს ამ მტკიცებულების წარდგენა სასამართლოში და მისი დემონსტრირება სასამართლო დარბაზში.
განახლება: 4 აგვიტოს გამართულ სხდომაზე გამომძიებელ არსენ ხუნაშვილის დაკითხვა გაგრძელდა. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა იხელმძღვანელა ვიდეოთი, მოუსმინა მას ყურსასმენებით, გააკეთა მონიშვნები და გაახმოვანა პროცესზე. ამის შემდეგ კი პროკურორმა მისი საქმეზე დართვის შუამდგომლობა ზემოთაღნიშული მუხლის საფუძველზე, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ადვოკატი დავით ჭიკაიძე ამბობს, რომ სამართლებრივად ამგვარად დართულ ვიდეოს მტკიცებულება არ ჰქვია, თუმცა მოსამართლეს არ აქვს შეზღუდვა, რომ განაჩენში დაეყრდნოს მას.
20 წლის ზვიად ცეცხლაძეს აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს. მას ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დაცვის მხარის შესაფებით ვიდეო თავისი შინაარსით არის თავდაცვითი და მასში არაა მოწოდება თავდასხმაზე. ასეც რომ იყოს, ადვოკატი განმარტავს, რომ უნდა არსებობდეს დადასტურებული ფაქტი, რომ აღნიშნული ვიდეოში გაჟღერებულმა მოწოდებამ გამოიწვია კონკრეტული ძალადობრივი ქმედება. ამ შემთხვევაში კი, დაცვის მხარის შეფასებით, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არაა.
ცეცხლაძის წინააღდეგ ბრალდების მხარეს საქმეში სამი ვიდეო აქვს.