რუსეთმა კიევზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. კიევის პოლიციამ დაადასტურა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაცია სვიატოშინსკის რაიონში 4 ადამიანის, მათ შორის 1 ბავშვის და სოლომენსკის რაიონში 2 ადამიანის დაღუპვის შესახებ.
ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ, ტელეგრამაში დაწერა, რომ დაღუპული ბავშვი 6 წლის ბიჭი იყო.
კიევის პოლიციის განცხადების მიხედვით, დაჭრილებს შორის სამი პოლიციელია. უწყების ცნობითვე საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა დაზიანდა ქალაქის 4 რაიონში: სვიატოშინსკის, სოლომენსკის, გოლოსეევსკის და შევჩენკოვსკის რაიონებში.
„დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბენზინგასამართი სადგურები, ავტომობილები. სვიატოშინსკის რაიონში საცხოვრებელი შენობის შესასვლელი განადგურდა“, – ნათქვამია პრესრელიზში.
რუსეთის სამხედრო ძალებს კიევზე მასშტაბური თავდასხმის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.