„ქართული ოცნების“ პარლამენტში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა. წულუკიანმა თქვა, რომ დოკუმენტის პირველ გვერდზე ასახავენ, რომ დასკვნა ერთხმადაა მიღებული.
დოკუმენტი დღეს არ გასაჯაროვდება. წულუკიანის თქმით, ეს სექტემბერში მოხდება, როცა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნას წარადგენენ.
„დღეს ჩვენ კენჭისყრაზე წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ დავაყენებთ ამ დასკვნის პროექტს. მაგრამ დასკვნა, როგორც ასეთი, დღეს არ საჯაროვდება. […] ხვალ ჩვენი უფლებამოსილების ვადა, გვინდა-არ გვინდა, იწურება, შემდეგ ეს დასკვნა გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელ ორგანოში, რომელიც არის პარლამენტის ბიურო. როცა ბიურო ჩანიშნავს, ჩათვლის საჭიროდ, კანონმდებლობით დადგენილი წესებით და ვადაში პლენარულ სხდომას, რომელზეც ჩვენ კომისია ამ დასკვნით წარვდგებით, ეს ჩვენი ვარაუდით იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში და სწორედ მაშინ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელზეც ჩვენ კომისია ამ დასკვნით წარვდგებით, ეს ჩვენი ვარაუდით, იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში და სწორედ მაშინ, პლენარულ სხდომაზე დასკვნა გასაჯაროვდება“, – თქვა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, დასკვნა 430 გვერდია. მან იმედი გამოთქვა, რომ ის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გამოადგებათ სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად; ასევე შესაბამის სასამართლოებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც „მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი აწარმოონ, ნამდვილი კვლევა აწარმოონ და ის გამოიყენონ თავიანთი სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის“.
წულუკიანმა სხდომაზე გამოხატა სურვილი, მათი დასკვნა დაიბეჭდოს და წიგნის სახით გამოიცეს, ასევე ითარგმნოს ინგლისურ ენაზე.
„ოცნების“ პარლამენტში შექმნილია „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისია.
ამ კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობის საქმეებზე პატიმრობაში არიან: ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე.