„გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი შარაშიძეს განიხილავს

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის” თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი შარაშიძეს განიხილავს.

გიორგი შარაშიძე თბილისის საკრებულოს წევრია, ასევე, პარტია „გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.

შარაშიძე არის ჟურნალ Entrepreneur Georgia-ს და ჟურნალ OK!-ის, ასევე რადიო NRJ Georgia-ს დამფუძნებელი.

პარტია „გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია „ძლიერი საქართველო”, რომელიც ამ დროისთვის „ლელოს“ და ალეკო ელისაშვილის პარტიებს აერთიანებს, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ.

არჩევნებს ბიკოტს უცხადებს ჯამში 9 ოპოზიციური პარტია.

2025 წლის 14 ივლისს მათ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი გულისხმობს, რომ ისინი ეცდებიან, შეთანხმდნენ მერობის არაპარტიულ, ნეიტრალურ, ასევე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე ან საერთო პარტიულ კანდიდატებზე.

გიორგი შარაშიძემ „პუბლიკას” უთხრა, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, იქნება თუ არა ის პარტიის საბოლოო კანდიდატი, ვინაიდან კანდიდატურებზე განხილვები გრძელდება.

თუმცა, გიორგი შარაშიძე ჯერჯერობით ერთადერთია, რომლის სახელიც შესაძლო კანდიდატად გაჟღერდა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში.

შარაშიძე ამბობს, რომ მისი კანდიდატურა „ალბათ იქიდან გამომდინარე შეირჩა, რომ 2021 წლიდან საკრებულოს დეპუტატია და კარგად იცნობს თბილისის პრობლემებს”, ამასთან, აქვს საჯარო ადმინისტრირების და ბიზნესადმინისტრირების განათლება.

„ამ ორი სპეციალობის ერთობლიობა, ანუ ბიზნესის და საჯარო მმართველობის გაერთიანება ბევრად ეფექტიანი მმართველობის საშუალებას მოგვცემს თბილისში“, – ამბობს შარაშიძე.

მისივე თქმით, პარტია არ ჩქარობს და აპირებს, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არსებული დროით ისარგებლოს. შარაშიძე ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატურად შესაძლოა, დასახელდნენ სხვებიც.

„საბოლოო ჯამში, ყველაზე ოპტიმალური კანდიდატი შეირჩევა, მერწმუნეთ. ასევე მინდა, გესმოდეთ, ჩვენ ხომ მხოლოდ თბილისის კანდიდატზე არ ვთანხმდებით. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ საქართველოს ყველა ძირითადი ქალაქის როგორც მერობის კანდიდატებზე, ასევე, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებზე. გუნდში როგორი გადალაგებაც იქნება საბოლოო ჯამში საჭირო და უფრო სწორი, ისე გადავლაგდებით“, – ამბობს გიორგი შარაშიძე.

„პუბლიკის” კითხვაზე, აქვს თუ არა გამარჯვების იმედი ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ ადმინისტრაციის პირობებში, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, შარაშიძე პასუხობს, რომ „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”.

„მიუხედავად იმისა, რომ უთანასწორო პირობებია, გაცილებით დიდი რესურსი და მთელი სისტემა მუშაობს „ოცნებაზე”, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავნებდეთ, ფარ-ხმალი დავყაროთ და არ ვიბრძოლოთ.

პიროვნულ გამარჯვებას თუ გულისხმობთ, თბილისელები როცა კარგად გაიგებენ, რა არის „ქართული ოცნების” მხარეს და რა შეიძლება იყოს ამის საპირწონე, გნებავთ გამოცდილების, გნებავთ პროფესიონალიზმის, გნებავთ განათლების, გნებავთ კეთლსინდიერების და გნებავთ, თბილისის გულწრფელი სიყვარულის ჩათვლით, ამ ყველაფერს თუ შევძლებთ და კარგად ავუხსნით, მათ შორის „ოცნების“ მხარდამჭერებს, მგონია, რომ ყველა კარგად მიხვდება, რომ უბრალოდ არ შეიძლება, კახა კალაძე იყოს თბილისის მერი. მისი მერობა ნიშნავს უფრო მეტ კორუფციას, უფრო მეტ მსხვერპლს, ჩვენი მოქალაქეებს სრულად დაუცველ და საფრთხის შემცველ გარემოში გადაადგილებას და ა.შ“, – ამბობს გიორგი შარაშიძე.