„ოცნების საგარეო“: მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან

პუბლიკა

აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება დღეს, 8 აგვისტოს გაავრცელა.

უწყება რუსეთს მოუწოდებს, რომ შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

იხილეთ განცხადება:

„17 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.
17 წლის შემდეგაც რუსეთი უარს ამბობს შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან; ასევე განაგრძობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ მიზნით ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი უკანონო ქმედება.
ამასთან, რუსეთი აბრკოლებს ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომას, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და ხელს უშლის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
აღნიშნული ქმედებებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-2024 წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.
საქართველო განუხრელად ახორციელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად.
საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლის მთავარი მიზანია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხების გადაწყვეტა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვა.
საქართველო აფასებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას და მათ ჩართულობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს მიაგებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს“.


2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.

ვითარება აგვისტომდე რამდენიმე თვით ადრე დაიძაბა.

2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დასავლეთის სახელმწიფოების დიდმა ნაწილმაც აღიარა. რუსეთმა ეს საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადასადგმელად სიგნალად მიიღო.

2008 წლის 2-3 აპრილს კი, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ვადები სამიტზე არ დაზუსტებულა, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი გაუწევდა ქმედით დახმარებას „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს”. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი გააკეთებდა „ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება”.

2008 წლის 16 აპრილს რუსეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც რუსეთის სახელმწიფო უწყებებს დაევალა, პირდაპირი ოფიციალური ურთიერთობები დაემყარებინათ საქართველოს ორი რეგიონის სეპარატისტულ რეჟიმებთან.

საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის ეს განცხადება რუსეთის მიერ ამ რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა. სამხედრო ესკალაციაც ნაბიჯ-ნაბიჯ, 2008 წლის აპრილიდანვე დაიწყო.

7 აგვისტოს საქართველოში რუსული ჯარი შემოიჭრა.

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.

2008 წლის სექტემბერში რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.