ვაშინგტონში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის წინ რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე მორიგი იერიში მიიტანა, რასაც მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, წუხელ სარაკეტო იერიშებისა და დრონებით თავდასხმის შედეგად ხარკივში დაშავდა 18 და დაიღუპა 7 მოქალაქე. დაღუპულებს შორისა არიან 1.5 წლის ბავშვი და 16 წლის მოზარდი. დაზიანებულია 10-ზე მეტი შენობა და ავტომობილი.
რუსულ თავდასხმას ბავშვი ემსხვერპლა ზაპოროჟიის რეგიონგშიც, 6 ადამიანი კი დაშავდა.
რუსეთის საჰაერო იერიშების სამიზნე გახდა დონეცკის, ხერსონისა და სუმის ოლქებიც.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წუხანდელი იერიშების შემდეგ დაღუპულია 11 მოქალაქე, 36 კი დაშავდა.
სამშვიდობო მოლაპარაკების წარმართვის მცდელობის პარალელურად, რუსეთი უარს ამბობს შეწყვიტოს ცეცხლი. რუსეთის საჰაერო თავდასხმების სამიზნე ხშირად ხდება უკრაინული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოქალაქეები.
ვაშინგტონში კი დღეს, 18 აგვისტოს, ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები დონალდ ტრამპს შეხვდებიან.
კერძოდ, ზელენსკისთან ერთად აშშ-ში ჩადიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.