თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის დროს დაკავებული 8 პირის საქმეზე სასამართლო პროკურორების, ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილის დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავიდა.
დასკვნითი სიტყვა პროკურორმა 2024 წლის 28 ნოემბრიდან პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე „ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებებისა“ და დამდგარი ზიანის აღწერით დაიწყო.
მისი სიტყვებით, აქციის მონაწილეები პოლიციელების მიმართ უწყვეტად გამოხატავდნენ აგრესიას, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას; ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგანს, პიროტექნიკას, ადვილად აალებად მოწყობილობებს და საფრთხეს უქმნიდნენ სამართალდამცველებს.
ბრალდების პოზიციით, რუსთაველზე შეკრებილი ადამიანების ნაწილი მიზანმიმართულად აზიანებდა მუნიციპალურ და კერძო პირთა ქონებას – დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა.
ბრალდების პოზიციით, ზემოაღნიშნულ მოქმედებებს, სხვა პირებთან ერთად, ორგანიზებას უწევდნენ ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.
პროკურორმა ისაუბრა იმაზე, რას მიიჩნევენ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებად.
ბრალმდებელის სიტყვებით, ზვიად ცეცხლაძე ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს აცნობდა ძალადობრივი მოქმედებების ადგილის, ტაქტიკისა და გამოსაყენებელი საშუალებების შესახებ გეგმას, განსაზღვრავდა კონკრეტულ ლოკაციებსა და მოქმედებების თანმიმდევრობას. ბრალდების პოზიციით, ცეცხლაძე „ფეისბუქის“ საშუალებით აქციის მონაწილეებს წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებდა.
ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის შემთხვევაში, პროკურორის თქმით, ისინი ასევე მუშაობდნენ ძალადობის გეგმაზე, განსაზღვრავდნენ ქმედების ჩადენის სავარაუდო ადგილსა და დროს.
„ძალადობრივ მოქმედებებს სხვა პირებთან ერთად აორგანიზებდა და ხელმძღვანელობდა ზვიად ცეცხლაძე, რომელმაც 30 ნოემბერს საჯარო სივრცეში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირებს გააცნო მის მიერ შემუშავებული ძალადობრივი მოქმედებების გეგმა ძალადობრივი მოქმედებების ადგილი, ტაქტიკისა და გამოსაყენებელი საშუალებების შესახებ.
მან განსაზღვრა კონკრეტული ლოკაციები, სადაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათზე თავდასხმა. …თუ რა დროს რომელ ლოკაციაზე, რა საშუალებით და როგორი თანმიმდევრობით იყო უკეთესი ბარიკადების მოწყობა, რა დროსაც გამოიყენებდნენ მავთულხლართებს და ჩახერგავდნენ გზებს, რაც სამართალდამცველებს გაურთულებდა მოქმედებას.
გარდა ამისა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის უკეთ გაწევის მიზნით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირებს დაავალა, დაემზადებინათ და გამოეყენებინათ სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის, ფარები, ლურსმნები, საღებავები, კვერცხები; ამასთან, ჯგუფური ძალადობის მონაწილე პირებს მოუწოდა, ძალადობრივი მოქმედებების განხორციელებისას მწყობრიდან გამოეყვანათ სხვადასხვა ადგილზე დამონტაჟებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობები, ასევე მოუწოდა, რომ სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის კვლავ გაეგრძელებინათ მყისიერი მოქმედების ეფექტის მქონე პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენება;… აღნიშნულის პარალელურად ზვიად ცეცხლაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს სისტემატურად მოუწოდებდა, გაეწია წინააღმდეგობა სამართალდამცველებისთვის;
4 იანვარს ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა არაერთი ნივთი, რომელსაც იყენებდნენ ჯგუფური ძალადობრივი მოქმედების განხორციელების დროს;
ასევე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი სხვა პირებთან ერთად ჯგუფური ძალადობის გაგრძელებისა და გაძლიერების მიზნით აორგანიზებდნენ ყველა შესაძლო ძალადობრივ მოქმედებას, კერძოდ, ამუშავებდნენ ჯგუფური ძალადობის გეგმას, განსაზღვრავდნენ ძალადობრივი ქმედების ჩადენის სავარაუდო ადგილებს, დროს… ჯგუფის წევრებისთვის ანაწილებდნენ კონკრეტულ დროებს და თანხმდებოდნენ ძალადობრივი მოქმედებების გაგრძელების აუცილებლობაზე, რასაც თავადვე უხელმძღვანელებდნენ.
გეგმის თანახმად, მათ დეტალურად უნდა შეესწავლათ მათთვის არასასურველ კონკრეტულ პირთა გადაადგილების მარშრუტი, რომელთაც დახვდებოდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები და მოახდენდნენ მათ მიმართ მძიმე ფიზიკურ ანგარიშსწორებას, აგრეთვე უნდა განეხორციელებინათ შესაბამისი მოქმედებები მათთვის არასასურველ პირთა ქონების განადგურების მიზნით, ადვილად აალებადი ნივთების ფარულად გამოყენებით და შემდგომ ცეცხლის წაკიდებით გაენადგურებინათ სხვისი ქონება“, – თქვა პროკურორმა.
ამას გარდა, პროკურორმა ასევე ისაუბრა აღნიშნული სამი ბრალდებულის წინააღმდეგ საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებებზე, მან წაიკითხა ვიდეოების დათვალიერების ოქმი – შინაარსი.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეოები არის მტკიცებულება იმისა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები მათი დაორგანიზებულია.
შეჯამების სახით პროკურორმა კვლავ გაიმეორა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება გამოიხატა ადგილების შერჩევაში, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობაში, ნივთების მიცემაში და სხვა.
„ზვიად ცეცხლაძე სოციალურ ქსელში მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდებდა აქტიური წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციის თანამშრომლებისათვის, მოუწოდებდა რევოლუციისა და დაუმორჩილებლობისაკენ, მიუთითებდა კონკრეტულ ადგილებს, რაც ხელსაყრელი იქნებოდა წინააღმდეგობის გასაწევად…”, – ამ ნაწილში ვაჟა თოდუამ ასევე ახსენა კასრაძე და კაძელაშვილი, თუმცა დარბაზისთვის მისი აღქმა შეუძლებელი აღმოჩნდა.
პროკურატურის პოზიციით, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილისა და ზვიად ცეცხლაძის გარდა ორგანიზებაში სხვა პირებიც იყვნენ ჩართულნი, თუმცა ვინ იგულისმება ამაში და არიან თუ არა ისინი იდენტიფიცირებულები, არ თქმულა.
პროკურორებმა პოზიცია, რომ წარდგენილ ბრალში ბრალდებულების დამნაშავედ ცნობა მოითხოვეს, კვლავ დაადასტურეს.
როგორ აფასებენ პროკურატურის დასკვნით სიტყვას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულთა ადვოკატები
ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი დავით ჭიკაიძე ამბობს, რომ პროკურატურამ ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულებები, რომ ცეცხლაძემ ჯგუფურ ძალადობას გაუწია ორგანიზება.
მისი თქმით, საქმეზე დაკითხული მოწმეები 28, 29 და 30 ნოემბრის მოვლენებზე აძლევდნენ ჩვენებას, ზვიად ცეცხლაძე კი ამ თარიღებში აქციაზე ფიზიკურად არ იმყოფებოდა. მისივე განმარტებით, 4-წუთიანი ვიდეო, რომელზეც პროკურატურა ამბობს, რომ ცეცხლაძე ორგანიზებას უწევდა ძალადობრივ მოქმედებებს, ჩაწერილია 30 ნოემბერს და მისი შინაარსი არის არა მოწოდება ძალადობისკენ, არამედ მასში საუბარია თავდაცვის შესახებ.
„ზვიად ცეცხლაძეს ბრალი ედება, რომ მან ჩაიდინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და წარმოდგენილი ყველა მოწმის ჩვენება ეხებოდა 28, 29, 30 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს. ფაქტობრივად, ყველა პოლიციელმა, რომელიც გამოიკითხა სხდომებზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმე, დაადასტურეს, რომ დაზიანებები მიიღეს 28-29-30-ში. ასევე დადასტურებულია და ბრალდების მხარეს საპირისპირო არ აქვს წარმოდგენილი, რომ ზვიად ცეცხლაძე 28-ში, 29-ში და 30-ში ფიზიკურად არ იმყოფებოდა აქციაზე.
მეტიც, ჩანაწერი, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობოდა და იშველიებდა, როგორც მტკიცებულებას, ფიზიკურად არის ჩაწერილი 30 ნოემბერს, აქ ვსაუბრობთ 4-წუთიან ვიდეოზე. 30 ნომებრამდე განვითარებულ მოვლენებზე ფიზიკურად ჩანაწერი ვერ გამოდგება მტკიცებულებად და თუ ამას გავითვალისწინებთ და გავიზიარებთ იმასაც, რომ ფიზიკურად შინაარსობრივ ნაწილში ეს ვიდეო არ არის არანაირი მოწოდება, არამედ ეს არის მოწოდება არა ძალადობისკენ, არამედ თავდაცვითი ხასიათისკენ, ბუნებრივია, კიდევ უფრო ალოგიკურია, მივიჩნიოთ, რომ ეს ვიდეო, შეიძლება, გამოდგეს ზვიად ცეცხლაძის ბრალეულობის დასადასტურებლად.
ორგანიზებულობასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს. მინიმუმ, ორგანიზებული ჯგუფის შემთხვევაში უნდა არსებობდეს კავშირი წევრებს შორის, მაგრამ ასეთ კავშირზე სიტყვა არ უხსენებია ბრალდების მხარეს. ფიზიკურად არაა წარმოდგენილი მინიმუმ, ნაცნობობა მაინც – არაფერს ვამბობ ქმედების დაორგანიზების ნაწილში – მინიმუმ ნაცნობობა მაინც, არც კი გაჟღერებულა. ბუნებრივია, აღარაფერს ვამბობთ იმ ტიპის კონტაქტზე და კომუნიკაციაზე, რომელიც შინაარსით მოწოდებაზე და ძალადობის ორგანიზებისკენ იქნებოდა მიმართული“, – განაცხადა მან.
დავით ჭიკაიძის პოზიციას იზიარებს ადვოკატი რევაზ აჭარაძე ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პროკურატურამ ვერც ამ ორ ბრალდებულზე წარმოადგინა მტკიცებულება, რომ ისინი რუსთაველზე მიმდინარე ძალადობრივ ქმედებებს უწევდნენ ორგანიზებას. ადვოკატი ამბობს, რომ არ იკვეთება რამე კავშირი ე.წ. ჯგუფის წევრებს შორის და ასევე რამე სახის კომუნიკაცია მათი ქმედებების ორგანიზების შესახებ.
„[კასრაძის და კაძელაშვილის] ვიდეოში ასახულ საუბარში არანაირი მითითება არ არის რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებზე, რუსთაველის ტერიტორიაზე განსახორციელებელ ძალადობაზე. თვითონ ბრალშიც არ უწერიათ, რომ რუსთაველზე დაორგანიზებული ჰქონდათ რამე, უწერიათ, რომ რუსთაველზე მიმდინარე ძალადობრივი ქმედებების გაგრძელებას და შემდგომ მის ხელმძღვანელობას გეგმავდნენო, თუმცა არსად მსგავსი რამე არ ისმის.
კავშირის დადგენაზე, ფაქტობრივად, პირველი წარდგენის სხდომის შემდგომ, სადაც ომახიანად იყო ბრალდების მხარე, დავადგენთო, რომ ამ ხალხს კავშირი აქვსო, შემდგომ გაირკვა, რომ არც მიმოწერა, არც ნაცნობობა ამ ხალხს არ აქვს. გამომძიებელმაც დაადასტურა, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის, რომ ეს ხალხი ერთმანეთს იცნობდა და რამე სახით იყვნენ შეკავშირებულები.
ის მარტივი განმარტება, რომელითაც თავი დაიძვრინა ბრალდების მხარემ, რომ სხვა კიდევ დაუდგენელი ორგანიზატორები არიან თურმე და ისინი აორგანიზებდნენ და ესენიც იყვნენ ჩართულნი. ასევე კიდევ თავს ეწინააღმდეგება, სადაც ამბობს, რომ მონაწილეები, შეიძლება, არც იყვნენ შეკავშირებულებიო, მაგრამ რახან ვიღაც იდგა აქციაზე და წინააღმდეგობა არ ჰქონდა ამ ძალადობაზე და თვითონაც მიიღო მონაწილეობაო, უკვე ჩაერთო ამ ჯგუფშიო.
ყველა აბზაცი ერთმანეთს ეწინააღმდეგება პირველი წარდგენის სხდომიდან მოყოლებული დღევანდელ სხდომამდე და გულწრფელად ვიტვყი, ამდენად დაუსაბუთებელი დასკვნითი სიტყვა, დიდი ხანია, არ მომისმენია, როდესაც გაბევრება სურდა ბრალდებას. 2 საათამდე დამჭირდებაო, რა თქმა უნდა, თუკი ყველა მოწმეს, რომელიც კლინიკაში იქნა მიყვანილი და მათ გადახვევებზე, წოლით რეჟიმზე და ნაკერებზე ილაპარაკებ, კი დაგჭირდება 2 საათი, მაგრამ მტკიცებულებებზე უნდა ესაუბრათ, რაზეც არ უსაუბრიათ, რადგან არ არსებობს მსგავსი“,- უთხრა მედიას რევაზ აჭარაძემ.
8 პირის საქმეზე ბრალდებულები არიან ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ზვიად ცეცხლაძე, რომელთაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან; ასევე – ირაკლი მიმინოშვილი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი – მათ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.