წარმოადგინა თუ არა პროკურატურამ მტკიცებულება ორგანიზებულ ჯგუფზე | დასკვნითი სიტყვა

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ 8 პირის საქმეზე ბრალდების მხარემ 18 აგვისტოს დასკვნითი სიტყვა თქვა.

საქმეზე ბრალდებულები არიან ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ზვიად ცეცხლაძე, რომელთაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან; ასევე – ირაკლი მიმინოშვილი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი – მათ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარეს არ უსაუბრია, იყვნენ თუ არა მონაწილეობის მუხლით დაკავებულები ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ჰქონდათ თუ არა კავშირი ერთმანეთთან ან ორგანიზატორებთან. აღნიშნული გარემოებების გამოკვეთა კი აუცილებლია წარდგენილი ბრალიდან გამომდინარე, რათა დადასტურდეს ბრალად წარდგენილი ქმედება.

პროკურატურამ ბრალდებულებზე შემდეგი რამ თქვა:

ინსაფ ალიევი | 1 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე დაორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ინსაფ ალიევი ქვას, ქვის ფილას და იქვე მოძიებულ სხვა საგანს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით, ასევე ახორციელებდა სხვა მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე ჯგუფური ძალადობის სხვა მონაწილეებთან ერთად საავტომობილო გზის ჩახერგვის, სამართალდამცველთა გადაადგილებისა და მათი მოქმედებების ხელის შეშლის მიზნით მონაწილეობდა ბარიკადების მოწყობაში.

ნიკოლოზ ჯავახიშვილი | 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურ ძალადობაში  მონაწილე ნიკოლოზ ჯავახიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, ბლოკირებული ადგილიდან ისროდა სამართალდამცავების მიმართულებით, ახორციელებდა სხვა ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართლადამცველებისა და მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

თორნიკე გოშაძე | ასევე, 2024 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე თორნიკე გოშაძე ქვას ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით, ასევე ახორციელებდა სხვა ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

გიორგი გორგაძე | 2024 წლის 29-30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გიორგი გორგაძე ქვებს ისროდა სამართალდამცველთა მიმართულებით, ახორციელებდა სხვა ძალადობრივ მოქმედებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებისა და იმავე ტერიტორიაზე მყოფ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ირაკლი მიმინოშვილი | 2024 წლის 29-30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ირაკლი მიმინოშვილი ქვებს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით, ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.

ამას გარდა, პროკურორმა ვაჟა თოდუამ ასევე წაიკითხა ვიდეოების დათვალიერების ოქმები, სადაც აღნიშნულია, რომ ბრალდებული ჩანან კადრებში და რომ ისინი ახორციელებენ ძალადობრივ მოქმედებებს – ისვრიან ქვებს, სხვადასხვა ნივთს, აწყობენ ბარიკადებს და სხვა. პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, საქმეში წარმოდგენილ კადრებში ჩანან ალიევი, გორგაძე, ჯავახიშვილი, მიმინოშვილი და გოშაძე, რომლებიც სხვა პირებთან ერთად მონაწილეობენ ძალადობაში.

დაცვის მხარე კი ამბობს, რომ ბრალდებულების ბრალად წარდგენილ ქმედებებში დღეებშიც არის განსხვავება და ადგილებშიც. ხოლო ვიდეო, რომელიც წარმოდგენილია ბრალდების მხარის მიერ, წარმოადგენს სხვადასხვა დროსა და ადგილას გადაღებული ვიდეოების კომპილაციას, რომელიც დადგენილი არაა.

დასკვნით სიტყვაში პროკურორს ასევე არ დაუკონკრეტებია, დაზიანდა თუ არა კონკრეტულად ამ მოქმედებებით რომელიმე კონკრეტული პირი/პოლიციელი, რომელსაც საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. დაცვის მხარისთვის ასევე სადაოა საკითხი, როგორ დგინდება, რომ ეს საგნები ნასროლი იყო პოლიციელთა მიმართულებით, ვინაიდან მათი თქმით, არ არსებობს უწყვეტი კადრი, რითიც აღნიშნული დადასტურდება.

შეჯამების სახით პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ:

„ამ პირთა შორის, ვინც ჩაიდინა კონკრეტული ძალადობრივი მოქმედებები, არიან წარმოდგენილი ბრალდებულები. როგორც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს, სხვა პირებთან ერთად, ზვიად ცეცხლაძემ, ვეფხია კასრაძემ და ვასილ კაძელაშვილმა, ასევე ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში სხვა პირებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ინსაფ ალიევმა, თორნიკე გოშაძემ, ირაკლი მიმინოშვილმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და გიორგი გორგაძემ.

ჩვენს შემთხვევაში მტკიცებულებები წარმოდგენილია კონკრეტული ბრალდებულების მიმართ, თუმცა როგორც აღინიშნა, მათ გარდა სხვა პირებიც მონაწილეობდნენ…

ისინი ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ადგილზე ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებას, ძალადობრივი ქმედებები ხშირ შემთხვევაში მიმართული იყო პოლიციის წინააღმდეგ… წინააღმდეგობის გაწევა ხდებოდა ერთიანი ძალისხმევით და რაც ერთობლიობაში ქმნის დანაშაულის შემადგენლობას“, – აღნიშნა მან.

„დიდი ნაწილი პროკურორის სიტყვისა არ იყო შემხებლობაში საქმესთან“, – ასეთია დაცვის მხარის შეფასება.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, პროკურორის დასკვნით სიტყვაში ვერ მოისმინეს დასაბუთება, თუ რატომ იძლევა ბრალდებულების მიერ განხორცილებული ქმედება ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის შემადგენლობას.

„განსაკუთრებით მაშინ, როცა ორგანიზებულ ჯგუფზეა საუბარი, ვერ მოვისმინეთ ვერც დოქტრინალური და ვერც ამ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, ვერც სამართლებრივი და ვერც ფაქტობრივი – თუ რატომ ფიქრობს პროკურატურა, რომ ეს ქმედება არის ორგანიზებული და რომ სინდისი პატიმრები იყვნენ ორგანიზებულები საერთოდ ვინმეს მიერ…

პროკურატურის დასკვნითი სიტყვა იყო უბრალოდ ბრალის დადგენილება გადატანილი თხრობით, მტკიცებით ფორმატში და გავრცობილი, სხვადასხვა ოქმის სიტყვასიტყვითი წაკითხვით.

ისევე როგორც ბრალის დადგენილებაში არ არის არცერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ჩვენ ჯგუფს ან ჯგუფურ დანაშაულს გვაძლევს,  ვერ მოვისმინეთ ის ვერც დასკვნით სიტყვაში“, – აღნიშნა მან.