სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორს „მშვიდობის დამყარება ყარაბაღის საკითხის დახურვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა”.
ფაშინიანმა მოსახლეობას ტელევიზიით ორშაბათს, 18 აგვისტოს მიმართა.
სომხური მედია civilnet-ის თანახმად, ფაშინიანმა თქვა:
„მე სომხეთს ყარაბაღის მოძრაობის გაგრძელების ლოგიკით ვხელმძღვანელობდი და თუ ხალხი ამ ლოგიკას არ დაეთანხმებოდა, მე მათ რევოლუციისკენ მოვუწოდებდი. თქვენ, ძვირფასო მოქალაქეებო, რევოლუცია არ მოახდინეთ, რადგან ჩემსავით გესმოდათ, რომ ყარაბაღის საკითხის დახურვის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია“.
მან აღიარა ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანების ტკივილი, თუმცა, დასძინა, რომ მათი მომავალი სომხეთშია.
„ჩვენ თანამემამულეები, ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, უნდა დასახლდნენ სომხეთის რესპუბლიკაში და იცხოვრონ აქ სრულფასოვანი მოქალაქეების სტატუსით”. – თქვა ფაშინიანმა და დასძინა, რომ სომხეთი არ ცდილობს, ისინი ყარაბაღში, თავიანთ სახლებში დააბრუნოს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში აზერბაიჯანთან დადებულ შეთანხმებას „მყიფე შეთანხმებაც” უწოდა.
„დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ჩვენ კონფლიქტის ატმოსფეროში ვცხოვრობდით, საომარ მდგომარეობაში ან „არც ომის, არც მშვიდობის” ვითარებაში. მშვიდობა ჩვენთვის უცნობი განცდაა, მაგრამ დღეიდან ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რას ნიშნავს მშვიდობიანად ცხოვრება. დამყარებულ მშვიდობას ყოველდღური ზრუნვა და ყურადღება სჭირდება, როგორც ახალდაბადებულ ბავშვს, ახალ სახლს, ახალ მანქანას”. – თქვა მან.
Civilnet-ის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ილაპარაკა წუხილზე, რომ სამშვიდობო შეთანხმებაში გათვალისწინებული არ არის აზერბაიჯანის სომეხი ტყვეები – ამ დროისთვის აზერბაიჯანში დაპატიმრებულია სომხეთის 23 მოქალაქე, მათ შორის, მთიანი ყარაბაღის ყოფილი ხელმძღვანელები.
„ამ საკითხის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტში ჩართვას შესაძლოა მოჰყოლოდა ინტერპრეტაცია, რომ მათი დაბრუნება შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიცირების შემდეგ გადაწყდებოდა. ჩვენ ვარაუდით ვერ ვიმოქმედებდით. მოლაპარაკების დაწყების შემდეგ ჩვენი 58 თანამემამულე დაბრუნდა ტყვეობიდან. რომ არა სამშვიდობო შეთანხმემა, შესაძლოა, ეს საერთოდ არ მომხდარიყო”. – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა სამშვიდობო შეთანხმებას თეთრ სახლში ხელი 8 აგვისტოს მოაწერეს.
ხელშეკრულება მოიცავს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებებს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე.
კერძოდ, საქმე ეხება ზანგეზურის დერეფანს – აზერბაიჯანმა სომხეთის გავლით სატრანსპორტო დერეფნის გაყვანა მოითხოვა, რომელიც მისი ტერიტორიის დიდ ნაწილს ნახჭევანთან – აზერბაიჯანულ ანკლავთან დააკავშირებს, რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება.
ზანზეგურის დერეფანს სახელად დაერქმევა TRIPP (Trump Route for International Peace and Prosperity) – ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.