„ობიექტურად შესაძლებელი იყო ვიდეოგადაღება, რაც არ განხორციელდა" | რას წერს მოსამართლე ახობაძის განაჩენში

ნათია ამირანაშვილი

„სასამართლო თვლის, რომ ობიექტურად შესაძლებელი იყო ვიდეოგადაღება, რაც არ განხორციელდა. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში პირდაპირი და ნეიტრალური მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი”, – წერია გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა.

საქმის სამართლებრივ შეფასებაში მოსამართლე აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას.

მოსამართლე აღნიშნავს იმასაც, რომ სასამართლო არ იზიარებს ვერსიას, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკი „ჩაუდეს“.

განაჩენში სასამართლომ შეაფასა, რამდენად იყო შესაძლებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულების მოპოვება ობიექტურად შესაძლებელი იყო, ვინაიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება არ მოითხოვდა იმგვარი გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებას, რომელიც გამორიცხავდა უფლებამოსილი პირის შესაძლებლობას ჩხრეკამდე მომზადებულიყო, აღჭურვილიყო შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და ჩხრეკის განხორციელება ვიდეოგადაღებით უზრუნველეყო.

„პუბლიკა” გთავაზობთ ამონარიდებს განაჩენიდან:

„ბრალდების მხარე გიორგი ახობაძის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიიჩნევს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე, სასამართლოში მოწმედ დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებებს და მათ მიერ შედგენილ წერილობით მტკიცებულებებს, პირადი ჩხრეკის ოქმს, აგრეთვე, ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებს…

წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ გიორგი ახობაძეს აქტიური საზოგადოებრივი პოზიციის გამო ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა „ჩაუდეს“, ბრალდებულისგან იძულებით აიღეს ბიოლოგიური წიმუში და დაიტანეს ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე.

გარდა ამისა, დაცვის მხარე აპელირებდა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ბრალდების მხარემ არ უზრუნველყო და არც უცდია ნეიტრალური მტკიცებულების, როგორიცაა ვიდეოჩანაწერის გაკეთება/მოპოვება ან გარეშე პირის მიწვევა, რისი სრული შესაძლებლობაც მათ გააჩნდათ.

სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ: „არ იქნებოდა მართებული სამართალდამცავთა ჩვენებების გამოყოფა და მიკუთვნება საეჭვო კატეგორიის მტკიცებულებებთან. არასწორი იქნებოდა ვარაუდი, რომ საზოგადოებაში უსაფრთხოების გარანტორი ინსტიტუტის წარმომადგენელთა ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება რაიმე განსაკუთრებული საფრთხის მატარებელია და რომ პოლიციის თანამშრომლები იმთავითვე არასანდო მოწმეები არიან….

თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული იწფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა“.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე გიორგი ახობაძეს ედავება, რომ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის სანელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ჯიბიდან ამოუღეს განსაკუთრებით დიდი ოდეწობით წარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ (a-PVP), რის დასადასტურებლადაც წარმოდგეწილია მხოლოდ ჩხრეკის ჩამტარებელი და მონაწილე პოლიციელების ჩვენებები. გარდა ამისა, წარმოდგეწილია მათივე მონაწილეობით შედგენილი პირადი ჩხრეკის ოქმი. ასევე წარმოდგენილია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე აღმოჩნდა გიორგი ახობაძის გენეტიკური პროფილი.

პოლიციის თაწამშრომლებმა განმარტეს, რომ გიორგი ახობაძესთან საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ტექნიკური საშუალებები არ გამოუყენებიათ, რადგან არ არსებობდა არც ადამიანური და არც ტექნიკური რესურსი, იქედან გამომდინარე, რომ საგამოძიებო მოქმედებას ატარებდა სამი პირი და გადანაწილებული ჰქონდათ „როლები“.

აღნიშნულის საპირისპიროდ წარმოდგენილია ბრალდებულ გიორგი ახობაძის ჩვენება, სადაც იგი უარყოფს ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას და უთითებს პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკული საშუალების „ჩადებაზე“.

ბრალდებული განმარტავს, რომ ჩხრეკისას ვიდეოგადაღება არ განხორციელებულა. მისი მტკიცებით, ნივთიერ მტკიცებულებაზე მისი გენეტიკური პროფილის აღმოჩენა განაპირობა ნერწყვის ნიმუშის იძულებით აღებამ და ამ მასალის მათზე გადატანამ. ასეთ ვითარებაში სასამართლოს სინამდვილის გასარკვევად სჭირდება დამატებითი – ნეიტრალური მტკიცებულებები, რათა არგუმენტირებულად გაიზიაროს რომელიმე მხარის მიერ განვითარებული ვერსია ან პირიქით უარყოს.

სასამართლო ითვალისწინებს ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან საგამოძიებო მოქმედების – ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დაწყებამდე გასულ დროს, იმ გარემოებას, რომ პირადი ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, შესაბამისად ვიდეოფიქსაციის საშუალების ხელმისაწვდომობას (მათ შორის, მობილური ტელეფონი) და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულების მოპოვება ობიექტურად შესაძლებელი იყო, ვინაიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება არ მოითხოვდა იმგვარი გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებას, რომელიც გამორიცხავდა უფლებამოსილი პირის შესაძლებლობას ჩხრეკამდე მომზადებულიყო, აღჭურვილიყო შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და ჩხრეკის განხორციელება ვიდეოგადაღებით უზრუნველეყო.

აღსანიშნავია, რომ „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს“.

რაც შეეხება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს გიორგი ახობაძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პაკეტის წებოვანი ლენტიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის ბრალდებულისადმი კუთვნილებას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზოგადად, ამგვარი ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა, წარმოადგენდეს ნეიტრალურ, სანდო მტკიცებულებას, თუმცა, იმავდროულად, ყურადღებას აქცევს ბრალდებულის განმარტებას ნივთიერ მტკიცებულებაზე მისი ბიოლოგიური მასალის წარმოშობასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება პირადი ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი პირდაპირი, ნეიტრალური მტკიცებულება და ბრალდების მხარემ არ მიიღო სათანადო ზომები ვიდეოკამერების ჩანაწერების მოსაპოვებლად, სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს ნივთიერი მტკიცებულებიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის ბრალდებულისადმი კუთვნილებას, ვერ შეაფასებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელ ნეიტრალურ_ მტკიცებულებად.

სასამართლო თვლის, რომ ობიექტურად შესაძლებელი იყო ვიდეოგადაღება, რაც არ განხორციელდა. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში პირდაპირი და ნეიტრალური მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი

ამასთან ჩხრეკის მწარმოებელი პირების მიერ უგულებელყოფილი იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგეწილი მოთხოვნები და დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.

შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გიორგი ახობაძის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის”, – წერს მოსამართლე ტყეშელაშვილი.