სუსის უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილს მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილს მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს.

ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, შაბათს, 23 აგვისტოს გააკეთა.

„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით.

გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არის შთამბეჭდავი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერში მამუკა მდინარაძეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, შეუძლია, სერიოზული წვლილის შეტანა.

მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან ექნება მყარი ნდობა ბატონ მამუკა მდინარაძეს და მას მინდა ვუსურვო წარმატებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის მიერ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ანრი ოხანაშვილის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ოხანაშვილმა თქვა, რომ ის დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ირაკლი კობახიძის თქმით:

„არის გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული, მათ შორის, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებთან, ასევე რეგიონში არის საკმაოდ კომპლექსური ვითარება. ასეთ პირობებში, ამ საკითხებზე ანალიტიკურ მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და სწორედ, ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაბარდება ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში აწარმოებს, სწორედ, ასეთ ანალიტიკურ სამუშაოს. მიზანი იქნება ინფორმაციის დამუშავება და ამის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე”.

ანრი ოხანაშვილმა სუსის უფროსის თანამდებობა 2025 წლის 4 აპრილს დაიკავა. მან ამ პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა. მანამდე ოხანაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში – 2024 წლის 25 ნოემბრიდან „ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ოხანაშვილის წასვლის შემდეგ ეს პოსტი პაატა სალიამ დაიკავა. „ოცნების” მინისტრობამდე ანრი ოხანაშვილი იყო “ქართული ოცნების” დეპუტატი მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში. მე-10 მოწვევის პარლამენტში ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

მამუკა მდინარაძე 2016 წლიდან არის „ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის დეპუტატი.